
შიო მესამე: ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ
15 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.
დამსწრე საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა წაუკითხა და მიულოცა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.
როგორც პატრიარქის სიტყვაში იყო აღნიშნული, თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა.
„დღეს მეტად სასიხარულო მიზეზით შევიკრიბეთ. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს „ღირებულებითი განათლების“ კლუბების პროექტს.
ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ ამ თანამშრომლობით განვლილი გზა, ერთად გავიხაროთ იმ კეთილი ნაყოფით, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ გამოიღო და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალი თაობების აღზრდის საქმეში გვაკისრია.
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით.
