
შიო მესამე: მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე
მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას.
პატრიარქმა დასძინა ისიც, რომ ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ნაპერწკალი გააღვივოს, სულიერების, ზნეობრიობის და ეს ადამიანი გადარჩენის გზაზე დააყენოს.
„უფალმა თქვა - მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ცხოვრება. რომელ გზაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე? ეს არის გზა მიმყვანებელი უფალთან, სულის გადარჩენის და ცხონების. ამ გზით დადიოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ღირსი მამა შიო მღვიმელი, ასურელი მამები და სხვები და სხვები, მიაღწიეს სულის განღვთობას, დიდ სრულყოფილებას და ანათებენ მთელს მსოფლიოში თავიანთი სრულყოფილებითა და სიწმინდით. მაგრამ უფალს არ უთქვამს, რომ ის მხოლოდ გზაა, მან დასძინა, რომ ის არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება რა არის სულიერ, რელიგიურ ცხოვრებაში? ეს არის მართებული დამოკიდებულება ადამიანსა და ღმერთს შორის. აი, უფალმა იესო ქრისტემ, გარდა იმისა, რომ გვასწავლა როგორი უნდა იყოს ეს დამოკიდებულება ღმერთთან, თავისი პირდაპირ მაგალითითაც გვიჩვენა როგორ უნდა შევასრულოთ ღვთის ნება. ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. ფიქრობენ, რომ ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით, შეიძლება საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, აღორძინება თუნდაც ზნეობრივი და არ ახსოვს ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს დიდი ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში. შეიძლება სიკვდილის იარაღიც კი გახდეს. ამიტომ მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე. როგორც უფალი ამბობს, გულიდან გამოდიან ბოროტი ზრახვანი. რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი ზნეობრივად, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გააღვივოს, სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ეს ადამიანი გადარჩენის გზაზე", - აღნიშნა შიო მესამემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge