
შიო მესამე: ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს. ზუგდიდში, სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უძღვებოდა. შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს, ვლაქერნობას. მაღალყოვლადუსმაღვდელოესო მეუფე გერასიმე, თქვენ განსაკუთრებით გილოცავთ თქვენს მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის, ყველასთვის. ეს უდიდესი სიწმინდე არ არის მხოლოდ ისტორიული რელიქვია ჩვენთვის, არამედ ეს არის დედაღვთისმშობლის მფარველობის, ჩვენთან მყოფობის ხილული ნიშანი. და განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის, რადგან ღვთის წყალობით და განგებულობით რამდენიმე საუკუნის წინ ეს დიდი სიწმინდე ჩამოაბრძანეს საქართველოში და აქ, სამეგრელოში ინახება, როგორც სიმბოლო დედაღვთისმშობლის მუდმივი მფარველობისა და ჩვენთან მყოფობისა. და როგორც ძველად იგი მფარველობდა და იცავდა ადამიანებს ყოველგვარი ჭირისგან, განსაცდელისგან, მწუხარებისგან, იგი დღესაც უწევს მფარველობას ყველას, ვინც რწმენით, სინანულით, ლოცვით მიეახლება მას.
დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, საქართველოშია დავანებული. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოაბრძანეს ჩვენთან უფალ იესო ქრისტეს კვართი და დედაღვთისმშობელმა ღირსყო ჩვენი ქვეყანა, მისი წილხვედრი ქვეყანა გამხდარიყო. დედაღვთისმშობლისვე ლოცვა-კურთხევით საქართველოში იქადაგა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ასევე, სხვა მოციქულებმა, სიმონ კანანელმა და სხვებმა. დედაღვთისმშობლის კურთხევით გამოემართა წმინდა ნინო საქართველოში და იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა განუხრელად, ერთგულად და შეურყვნელად იცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. და წელს შესრულდა 1 700 წელი ამ დიდებული მოვლენიდან, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ, რა დიდი კავშირი აქვს ქრისტეს რწმენას ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენს თვითმყოფადობასთან. დღევანდელი დღესასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის პატიოსანი კვართის დღესასწაული, ალბათ გვაფიქრებს ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე – ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენს სულიერ შესამოსელზე. ჩვენ როდესაც მოვინათლეთ, მივიღეთ ეს წმინდა, სულიერი შესამოსელი. და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ქრისტეთი შევიმოსეთ ჩვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედმორწმუნეობით, სულმოკლეობით და ა.შ. დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ, დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედაღვთისმშობელს ლოცვით, რომ შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში.

