
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა
ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარების აღსანიშნავად გამართულ ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის პირველადი კერაა. ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიება, დაცვა, კვლევა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი უნიკალური, მათ შორის, ნუტრიციული თვისებების შესახებ ქართული ხორბლის კულტურის პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ხორბლის, როგორც ჩვენი ისტორიისა და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოჩენას და მის მიმართ ინტერესის ზრდას“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.
ფესტივალის ფარგლებში ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული ხორბლის, ქერის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, ბეჭდური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალები, რომელიც აგრობიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს ეხება.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით. წარმოდგენილი იყო აგრეთვე ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები.
ფესტივალი „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ პურ-ცხობის უძველესი ტრადიციების პოპულარიზაციასა და ქართული ხორბლის კულტურის წარმოჩენას მიეძღვნა. ღონისძიება გაერთიანება „ქართული ხორბლის“ ორგანიზებით გაიმართა.