
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, 8 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქმე შეეხება სს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დაკავებულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა, ჯამში, 8 პირი, რომელთაგან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქმე შეეხება სს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი - შპს „კახეთი“, შპს „ნოვა ტრანსი“, შპს „ჯადექსა“, შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს „გრანდ კახეთი“.
