
თავდაცვის სამინისტრო: სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ-დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია
თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელებში დაღუპული გმირი სამხედროს ოჯახის წევრის სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში ჩვენი დაღუპული გმირი სამხედროს ოჯახის წევრის სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ უსაფუძვლო ინფორმაციას. კერძოდ, თითქოს, აღნიშნული ოჯახი სახელმწიფოს დახმარების გარეშეა დარჩენილი. განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ოჯახს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავს. მიუხედავად ამისა, უწყება პროაქტიურად დაინტერესდა მათი საკითხით და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული ოჯახის მომართვები, ისევე როგორც სხვა ოჯახების მომართვები, არასდროს დარჩენილა უყურადღებოდ და დახმარების გარეშე.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ-დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მათ მიერ მომართვას სამინისტრო, კანონმდებლობის მიხედვით, ყოველთვის მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში აკმაყოფილებს.
აღნიშნულ ძალისხმევას თავდაცვის სამინისტრო წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა შესაბამისი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებით და მომავალშიც გააგრძელებს, რადგან ჯარი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ერთმანეთზე მუდამ ზრუნავენ და შესაბამისად, ნურავინ ისპეკულირებს აღნიშნული საკითხებით“, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge