მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: Volkswagen-ი კიდევ 50 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
The Guardian: Volkswagen-ი კიდევ 50 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

The Guardian: Volkswagen-ი კიდევ 50 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

იმედი|imedinews.ge

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა 100 000 სამუშაო ადგილის შემცირების საკამათო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია გადარჩენისთვის ბრძოლაშია, რადგან ევროპულ ბაზარზე ჩინელი კონკურენტების მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშე დგას.

მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ კომპანიამ დამატებით 50 000 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსა. ამასთან, შეთანხმდა, რომ გერმანიაში ოთხ ქარხანაში, ემდენში, ცვიკაუში, ჰანოვერსა და ნეკარსულმში მდებარე Audi-ს საწარმოში მოქმედი წარმოება ეტაპობრივად 2031-2034 წლებში დასრულდება. ამ ეტაპზე აღნიშნული ქარხნების შემდგომი საქმიანობის კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

შეთანხმება მოულოდნელი აღმოჩნდა. გადაწყვეტილება მიიღეს აქციონერების, პროფკავშირებისა და სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი გამოცდა იყო გერმანული ავტომწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორის ოლივერ ბლუმესთვის, წერს გამოცემა.

ბლუმმა, პაკეტის შესაძლო ჩაგდების შემთხვევაში, საგანგებო შეხვედრის ჩატარებაც კი დაგეგმა, რათა პროფკავშირებთან პოტენციური დაპირისპირებისთვის მომზადებულიყო.

„ეს ძლიერი სიგნალია მომავლისთვის“, - განაცხადა ბლუმემ. ახლა მას Volkswagen-ის ჯგუფის მასშტაბური რეფორმის განხორციელების მანდატი აქვს. თავად კომპანიამ პროგრამას ადრე „Volkswagen-ის ისტორიაში ყველაზე ღრმა სტრატეგიული ტრანსფორმაციის პროგრამა“ უწოდა.

The Guardian-ის ცნობით, გასულ თვეს, ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ვოლფსბურგში კომპანიის სათავო ოფისში ვიზიტისას, თანამშრომლებმა ბლუმეს სტვეითა და უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი კომპანიის ფინანსურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე თანამშრომლებთან დიალოგი იყო.

Volkswagen-ის ყველაზე მსხვილმა პროფკავშირმა IG Metall-მა, რომელიც ასევე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოშია წარმოდგენილი, განაცხადა, რომ კონფლიქტის „საშიში ესკალაციის“ თავიდან ასაცილებლად ორივე მხარეს გარკვეული დათმობების გაკეთება მოუწია.

მთავარი შეთანხმება ოთხი ქარხნის დახურვის გადავადებას ითვალისწინებს. საწარმოები მანამდე დახურვის საფრთხის წინაშე იდგნენ. სანაცვლოდ, მხარეები თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაზე შეთანხმდნენ.

გეგმა 2030 წლისთვის დამატებით 50 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას ითვალისწინებს, რაც Volkswagen-ში დაგეგმილი სამუშაო ადგილების შემცირების საერთო რაოდენობას 100 000-მდე გაზრდის.

„ახლა ყველა ლოკაციისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა შემუშავდეს. ჩვენ ველით, რომ სამეთვალყურეო საბჭო მიღწეული კომპრომისის საფუძველზე საკუთარ სამუშაოს შეასრულებს და შედეგებს სწრაფად წარმოადგენს“, - განაცხადეს IG Metall-ის პირველმა თავმჯდომარემ ქრისტიანე ბენერმა და Volkswagen-ის საერთო და ჯგუფური საწარმოო საბჭოების თავმჯდომარემ დანიელა კავალომ.

ბლუმეს განცხადებით, Volkswagen მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში „ასეულობით მილიარდი ევროს“ ინვესტიციას განახორციელებს, რათა კომპანიის საკულტო ბრენდები უფრო მიმზიდველი, ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდეს.

Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭომ აღიარა, რომ ევროპაში ავტომობილების წარმოების ჭარბი სიმძლავრე არსებობს. კომპანიის საწარმოებს დაახლოებით 500 000 ავტომობილის წარმოების შესაძლებლობა აქვთ, რომელთათვისაც ბაზარზე საკმარისი მოთხოვნა არ არსებობს.

100 000 სამუშაო ადგილის შემცირების გეგმა გლობალურ ავტოინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური რესტრუქტურიზაცია იქნება. ეს ავტომწარმოებლის თანამშრომლების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

Volkswagen-ის ყველა ბრენდში, მათ შორის Skoda-ს, Seat-ის, Porsche-ს, Cupra-სა და Lamborghini-ს ჩათვლით, 650 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, წერს გამოცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

იმედი

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

იმედი

თორნიკე ფაღავა ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები და მათი პატიმრობა არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერების სინდისზე

თორნიკე ფაღავა ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები და მათი პატიმრობა არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერების სინდისზე

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება

მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება

იმედი