
The New York Times: ომი აშშ-მა დაიწყო, შედეგებს კი მთელი მსოფლიო იმკის
ირანში მიმდინარე ორთვიანი ომის შედეგები აჩერებს ტექსტილის ქარხნებს ინდოეთსა და ბანგლადეშში, აფერხებს ავიამიმოსვლას ირლანდიაში, პოლონეთსა და გერმანიაში და იწვევს ენერგიის რაციონირებას ვიეტნამში, სამხრეთ კორეასა და ტაილანდში - როგორც ჩანს, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შედარებით გადაურჩა ამ ეკონომიკურ ქაოსს, სწორედ ისაა, ვინც ომი დაიწყო: ამერიკის შეერთებული შტატები, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ომი აშშ-მა დაიწყო, შედეგებს კი მთელი მსოფლიო იმკის“.
მიუხედავად იმისა, რომ რეცესიის გამაფრთხილებელი ნიშნები აზიისა და ევროპის არაერთ ქვეყანაში შეიმჩნევა, ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკების უმეტესობაზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს. ეკონომიკური ზრდა სტაბილურია, ხოლო უმუშევრობის დონე - დაბალი. „აშშ-ის ეკონომიკის წინააღმდეგ ფსონის დადება კვლავ რთულია“, - განაცხადა გასულ კვირას კანადის სამეფო ბანკმა (Royal Bank of Canada).
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა - მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქვეყანამ, რომლის სუვერენული ფონდებიც 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარება სთხოვა მას შემდეგ, რაც სარაკეტო დარტყმების შედეგად გაზის საბადოები დაუზიანდა, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შეწყდა.
სულ რაღაც რვა კვირაში გლობალური ეკონომიკური პროგნოზი თავდაყირა დადგა.
ყველაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმა ღარიბ ქვეყნებზე მოდის, სადაც მომხმარებლებისთვის ენერგიის გაზრდილი ფასები ხელმიუწვდომელია, მთავრობებს კი არ აქვთ სახსრები, რათა დახმარებით დააკომპენსირონ ეს ხარჯები. ამავდროულად, დაფინანსების შემცირებასთან ერთად, ამ ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სესხების აღების ღირებულება კიდევ უფრო იზრდება.
საწვავისა და სასუქის ფასების მკვეთრი ზრდა ნიშნავს, რომ წლის ბოლოს საკვები პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდება. გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ აფრიკაში „სურსათის დეფიციტის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება“. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კი მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩენის რისკის ქვეშ არის - ამის შესახებ გაფრთხილება გაეროს განვითარების პროგრამამ გაავრცელა.
