
The Wall Street Journal: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური თანამშრომლობის შეჩერება დაავალა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური განყოფილების თანამშრომლებს მიმდინარე კვირის დასაწყისში კანადის მთავრობასთან ყველა სახის თანამშრომლობის შეჩერება დაევალათ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოთხშაბათს ანტიმონოპოლიური განყოფილების საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელმა ლინდა მარშალმა თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა სათაურით „კანადასთან თანამშრომლობის შეჩერება“. მან უწყების წარმომადგენლებს კანადის ხელისუფლებასთან საქმეებზე თანამშრომლობისა და პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის სრულად შეწყვეტა დაავალა.
მარშალს დირექტივის მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა აღნიშნა, რომ „ხელახლა დაუკავშირდება თანამშრომლებს, თუ მითითებები შეიცვლება“.
გუშინ განყოფილების მიმართულებების ხელმძღვანელებს კიდევ ერთი ელექტრონული წერილი გაუგზავნეს და დღის ბოლომდე კანადასთან თანამშრომლობის სფეროების დეტალური ჩამონათვალის წარდგენა მოსთხოვეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ემილი კოვინგტონმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს თანამშრომლობის შეჩერების შესახებ მითითების გამცემმა ოფიციალურმა პირმა დირექტივა არასწორად გაიგო.
კოვინგტონის განმარტებით, მარშალს მხოლოდ დაგეგმილი შეხვედრის გადადება დაევალა და კანადის მთავრობასთან ანტიმონოპოლიური განყოფილების თანამშრომლობის შეჩერება არ იგეგმებოდა.
მოგვიანებით, პარასკევს ნაშუადღევს, მარშალმა თანამშრომლებს ახალი წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ შეცდა და კანადის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეიძლება გაგრძელდეს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კანადისა და აშშ-ის ანტიმონოპოლიურ უწყებებს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით არაერთი შეთანხმება აქვთ გაფორმებული. 2000-იანი წლებიდან ისინი ერთობლივად იძიებენ მნიშვნელოვან საქმეებს, მათ შორის ავტომობილების ნაწილებისა და საჰაერო სატვირთო გადაზიდვების სექტორებში ფასების შეთანხმების ფაქტებს.
ორი ქვეყნის უწყებები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ ასევე ისეთ შერწყმისა და გაერთიანების საქმეებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესებს ეხება, მათ შორის ტექნოლოგიებისა და ავიაკოსმოსურ ინდუსტრიებში.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დავა გასული თვის ბოლოს მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, წერს გამოცემა.
ტრამპის ადმინისტრაციამ კანადიდან იმპორტირებულ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა, რასაც კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აშშ-ის სხვადასხვა საქონელზე ანალოგიური ტარიფების დაწესებით უპასუხა.
გასულ კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა ეწოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა „დიდი ხნის განმავლობაში გვატყუებდა და უსამართლოდ გვექცეოდა ვაჭრობის საკითხებში“.
მიმდინარე კვირის დასაწყისში კარნიმ აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან კანადის მიმართ გამოთქმული დამცინავი განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა არსებული სავაჭრო საკითხების მოგვარებას ხელს არ უწყობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge