
TIME: ტრამპი, მადუროს დაკავების შემთხვევაში, ვენესუელელების მოსალოდნელი რეაქციის შესახებ ჩატ-ბოტ Grok-ს ეკითებოდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით სულ უფრო მეტად ინტერესდება და მასთან დაახლოებული ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების მოსაზრებებსაც აქტიურად ისმენს. ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს.
2025 წლის დეკემბერში ილონ მასკი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ფარულ შეხვედრაზე მივიდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ოფიციალური პირის ინფორმაციით, ტრამპი რამდენიმე საათის განმავლობაში მასკის მიერ შექმნილ ჩატ-ბოტ Grok-ს კითხვებს უსვამდა, მათ შორის, საკუთარი პრეზიდენტობისა და პოლიტიკური მემკვიდრეობის შესახებ.
იმ პერიოდში ტრამპი ვენესუელის გემებზე სარაკეტო დარტყმების ბრძანებებს გასცემდა. მისი ადმინისტრაციის მტკიცებით, აღნიშნული ხომალდები აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდას ახორციელებდნენ.
ტრამპმა Grok-ს ჰკითხა, როგორი რეაქცია ექნებოდათ ვენესუელელებს იმ შემთხვევაში, თუ აშშ ნიკოლას მადუროს დააკავებდა.
შეხვედრის მონაწილე ოფიციალური პირის ინფორმაციით, ჩატ-ბოტმა უპასუხა, რომ მადურო ძალიან არაპოპულარული დიქტატორი იყო და რომ ვენესუელელების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას იზეიმებდა.
როგორც გამოცემა იუწყება, მას შემდეგ, რაც ტრამპმა მადუროს დაკავების ოპერაციის განხორციელება ბრძანა, მომდევნო თვეში ვენესუელის ქუჩებში მართლაც გაიმართა ზეიმი.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამის შემდეგ ტრამპი Grok-ის შესაძლებლობებით განსაკუთრებით აღფრთოვანებული დარჩა და ჩატ-ბოტს „გენიალური“ უწოდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge