
თორნიკე ჭეიშვილი ევროპარლამენტარ ბრეიზას განცხადებაზე: სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის დროს ადამიანთა წამებას მართლაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მაშინ არ კეთდებოდა მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები
სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის დროს ადამიანთა წამებას მართლაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მაშინ არ კეთდებოდა მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მან ასე შეაფასა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადება, რომ სამართალდამცველები აქციების „პროევროპელ“ მონაწილეებს სჯიან იმის გამო, რომ ისინი ევროპულ მომავალს ითხოვენ, თუმცა, როგორც ცნობილია, ფაქტი 2022 წელს მოხდა.
„სისტემურობაზე მინდა, ვთქვა, რომ ეს არის დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით - პირდაპირ ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული ახალგაზრდებზე ქუჩებში, პენიტენციური სისტემა წამების ინსტრუმენტად იყო ქცეული.
ასევე, რაც შეეხება ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს - ვიცით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ამ დანაშაულებრივი ქმედების მონაწილეთა მხრიდან ათეულობით აღიარება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დიახ, ისინი მონაწილეობდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. თუმცა, ევროპარლამენტის და ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია არავითარი განცხადება - დაგმობა თუ გამიჯვნა იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარდა. მეტიც, ჩვენ არაერთი იმგვარი განცხადების მომსწრენი გავხდით, რომელიც პირიქით - ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ცდილობდა, რომ ამ ქმედებების წახალისება მომხდარიყო.
ამიტომ ახლა, როდესაც კონკრეტული ევროპარლამენტარები გამოდიან და გულზე მჯიღს იცემენ, რასაკვირველია, საზოგადოების უდიდეს ნაწილს მათი არ სჯერა. საზოგადოებამ იცის მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია და ევრობიუროკრატიის პოზიციონირება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს პირდაპირ არის მორიგი ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ როგორღაც ამ აბსოლუტურად გამოფიტულმა რადიკალურმა ოპოზიციამ თითქოს, შეძლოს საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევა ამგვარი ყალბი ნარატივის წამოწევით და დღის წესრიგში დაყენებით“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია. „ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.
ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. „გავრცელდა „ტვ პირველის“ ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებს პროკურატურა.
ასევე ცნობილია, რომ ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge