
თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის წევრებზე: ეს დებატები დასრულდა 100-ით ნული „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. პოლიტიკური უმწიფრობის ხარისხი, რომლითაც გამოირჩევიან გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, იშვიათად შეგვხვედრიან
ეს დებატები დასრულდა 100-ით ნული „ქართული ოცნების“ და პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის წევრების კითხვებს და რეპლიკებს, რომლითაც მათ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მიმართეს.
მისი თქმით, პოლიტიკური უმეცრება, რომელსაც ეს პარტია ავლენს, აქამდე პარლამენტში არავის უნახავს.
„პოლიტიკური უმწიფრობის ხარისხი, რომლითაც გამოირჩევიან ფრაქცია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, იშვიათად შეგვხვედრიან აქამდე საქართველოს ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი და კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რათა საგნობრივი, საინტერესო დისკუსია წარიმართოს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, რეალურად მნიშვნელოვან და საყურადღებო თემებზე, მათი მხრიდან იქნა ხელიდან გაშვებული. უნიჭო პოპულიზმით, ერთსა და იმავე თემაზე უსაგნო აპელირებით შეეცადნენ ისინი იმას, რომ თითქოს შეექმნათ დარბაზში ილუზია იმისა, რომ ვითომდა ამ ქვეყანაში საქართველოს მთავრობა ვერ მუშაობს სათანადოდ.
თუმცა ამას დაუპირისპირდა მეორე მხრივ, ის კონკრეტული, თუნდაც სტატისტიკური მონაცემები, ციფრები, რომელიც იყო დღევანდელი მოხსენების ფარგლებში გაჟღერებული. ალეგორიულად თუ ვიტყვით ეს პოლიტიკური დებატებიც დასრულდა 100-ით 0 „ქართული ოცნების“ და პრემიერ- მინისტრის სასარგებლოდ იმიტომ, რომ რეალურად პოლიტიკური კლასი არის ძალიან დაბალი, რასაც გვთავაზობს ეს ძალა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც პარლამენტში ან მის გარეთ რადიკალები საუბრობენ, მათი ადრესატები არიან გარე ძალები და არა ქართული საზოგადოება.

