
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. ის ვიდეოს პოლიტიკურ ფარისევლობად აფასებს და მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსი ტურისტების დახვედრის კადრებს იხსენებს.
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება, ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები", - განაცხადა ჭეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ: „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“
ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.
იმედი
წყარო: imedinews.ge