
თორნიკე ფაღავა: „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო იყოს სამხედრო-ლოგისტიკური ჰაბი და ესკალაციის ადგილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ გუნდი ვთავაზობთ როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველო იყოს ეკონომიკური თანამშრომლობის, პოლიტიკური თანამშრომლობის, ინტერესთან თანხვედრის ადგილი
ჩვენს შორის ურთიერთობები გართულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ევრობიუროკრატები რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ცდილობენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მოვიდეს ჰარმონიზაციაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, რაც თავისთავად ვერ მოხდება, რამდენადაც ჩვენ ღიად, გულწრფელად ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო ვერ იქნება ესკალაციის ადგილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ.
მან გაიხსენა, რომ ეს ფაბულა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დაარსებისას, 2011 წლის მანიფესტში წარადგინა.
„ეს ფაბულა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს, როდესაც დააარსა თავისი პარტია, თავის მანიფესტში, როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს ღიად და გულწრფელად წარუდგინა. მან 2011 წლის მანიფესტში თქვა, რომ საქართველო ვერ იქნება ინტერესთა კონფლიქტის, ინტერესთა შეჯახების ადგილი, საქართველო არის ინტერესთა თანხვედრის ადგილი, რომ ის სთავაზობს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო იყოს ეკონომიკური ჰაბი, ინტერესთან თანხვედრის, პოლიტიკური თანხვედრის ადგილი.
2022 წლის შემდეგ, როდესაც ამ ფაბულას პრაქტიკული საფრთხე შეექმნა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგა „ქართული ოცნების“ პარტიას და პრაქტიკაში დაიწყო თავისი 2011 წლის მანიფესტის განხორციელება.
საქართველო ამ კონფლიქტში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ესკალაციის ადგილი. ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ხმამაღალი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს სამხედრო-ლოგისტიკური ჰაბი. ბატონმა დავით საყვარელიძემ თქვა ეს რამდენიმე კვირის წინ. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო იყოს სამხედრო-ლოგისტიკური ჰაბი და ესკალაციის ადგილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ გუნდი ვთავაზობთ როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველო იყოს ეკონომიკური თანამშრომლობის, პოლიტიკური თანამშრომლობის, ინტერესთა თანხვედრის ადგილი, დაკავშირებადობის თვალსაზრისით იყოს საკვანძო სახელმწიფო. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ხედვა. ამას ჩვენ ვამბობდით 2011 წელსაც და ამას ვამბობთ 2026 წელსაც“, - განაცხადა ფაღავამ.
მან საქართველოს მიმართ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზეც ისაუბრა.
„როდესაც ევროკავშირი ჩვენ გვსაყვედურობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ჩინეთთან თუ შუა აზიასთან ურთიერთობებს ვაღრმავებთ, თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან ჩინეთის პრეზიდენტთან და ცდილობენ, გააფორმონ ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები. ჩვენ ეს ყველაფერი წინსწრებით გავაკეთეთ, რამდენადაც ჩვენ გაცხადებული სტრატეგიული ხედვა გვაქვს 2011 წლიდან, ეს არც გუშინ დაწყებულა და არც დღეს. ეს ასე იყო მას შემდეგ, რაც დაარსდა „ქართული ოცნების“ გუნდი“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge