
თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა
სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა - განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.
„პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გარკვეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა ნამდვილად შეიძლება ღარიბაშვილის წერილსა და რადიკალური ოპოზიციის მიერ ამ წერილზე აგებულ დღის წესრიგს შორის. ჩვენ ყველამ ვნახეთ, დაკითხვაზე შესვლამდე ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები და შესვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში, ეს იყო მორიგი სპეკულაცია.
სამწუხაროა, ის, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა“ - აღნიშნა ფაღავამ.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე, მსჯავრდებულმა ექსპრემიერმა ცრუ აჟიოტაჟი შექმნა, კამპანია კი ოპოზიციამ სინქრონულად გააგრძელა და თეორიები აიტაცა. გაკეთებული განცხადებების გამო, მესამე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს მეათე გამოსაკითხი, დაღუპულის მეგობარი და თანაპარტიელი გიორგი ლილუაშვილი კითხვებს, თითქმის 6 საათის განმავლობაში პასუხობდა.
პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
იმედი
წყარო: imedinews.ge