
ცოტნე ანანიძე „ქართულ ოცნებაზე“: აქ არის პოლიტიკოსების ძალიან ძლიერი გუნდი და სპეციალისტები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ჯანდაცვა იქნება, ინფრასტრუქტურა თუ სხვა სფეროები, რაც, პირველ რიგში, პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს არის მთავარი ფორმულა, რომ მმართველი ძალა იყოს წარმატებული
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ „დღის „ქრონიკაში“ იმ ფაქტორებზე ილაპარაკა, რომელთა გამოც 2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ 10 არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება.
მისი თქმით, მიღწევები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, განაპირობებს იმას, რომ პარტიას ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს.
ამასთან, ცოტნე ანანიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ძლიერი პოლიტიკური გუნდი.
„მეტწილად, აქ არის „ქართული ოცნების“ ფაქტორი, როცა პრობლემების იდენტიფიცირებას ყველა ეტაპზე შესაბამისად, ადეკვატურად ახდენ და შესაძლებლობის ფარგლებში ამაზე გაქვს რეაგირება. მათ შორის საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი საჭიროების კონტექსტში და შესაბამისი გადაწყვეტილებების მხრივ, ეს იქნება პოლიტიკური მმართველობა თუ საბიუჯეტო ნაწილი და ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას ჰქონდა. ერთ-ერთი ფაქტორი მათ შორის არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. ახსოვს მოსახლეობას, რა მდგომარეობაში უწევდათ ოჯახებს ყოფნა. პრაქტიკულად არ არსებობდა არანაირი შესაძლებლობა, რომ რეანიმაციაში მძიმე პაციენტი ყოფილიყო. დღეს ეს არის ხელისუფლების ტვირთი და ხელისუფლებამ პოზიტიური ვალდებულება აიღო ამ ნაწილში“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ორკესტრირებული შეტევის და წნეხის ფონზე მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
„უმთავრესი ფაქტორი 90% აქ არის „ქართული ოცნება“, მმართველი ძალა თავისი საპატიო თავმჯდომარით, პრემიერით, რომელიც არის შემდგარი პოლიტიკოსი, სხვათა შორის, არამხოლოდ საქართველოში და ეს ჩანს ყველგან. აქ არის პოლიტიკოსების ძალიან ძლიერი გუნდი და სპეციალისტები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ჯანდაცვა იქნება, ინფრასტრუქტურა თუ სხვა სფეროები, რაც, პირველ რიგში, პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს არის მთავარი ფორმულა, რომ მმართველი ძალა იყოს წარმატებული“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge