
ცოტნე ანანიძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის, პაველ განცარჟის ხელმძღვანელობით ჩამოსულ 26-წევრიან დელეგაციას უმასპინძლა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა სავოევოდოს მარშალის, პაველ განცარჟის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
ცოტნე ანანიძემ სტუმრებს ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტ სფეროს მოიცავს.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონულ კონტექსტში მხოლოდ სიტყვებისა და მემორანდუმების დონეზე არ შემოიფარგლება. წლების განმავლობაში პოლონურ მხარესთან მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა კულტურის, მეცნიერების, ჯანდაცვის, საჯარო სექტორისა და ტურიზმის მიმართულებებით. ჩვენ მზად ვართ, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვითანამშრომლოთ ყველა პარტნიორთან, სადაც საქართველოს ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
ჩვენი 3000-წლიანი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. დღეს ხელისუფლება და მთელი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას. ჩვენი მიზანია, თვითმყოფადობის შენარჩუნებით ევროინტეგრაციისკენ სვლა. ამ მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით მინდა გადაგიხადოთ ევროპული და ქართული მადლობა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზადყოფნას თანამშრომლობისთვის საერთო მიზნებისა და ინტერესების მისაღწევად, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს აერთიანებს“, — განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრას უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს ორი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს დაეთმო.
თავის მხრივ, თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს პოლონელმა სტუმრებმა. ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა, პაველ განცარჟმა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა რეგიონებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეები მომავალში არაერთ საინტერესო ინიციატივასა და პროექტს განახორციელებენ.

