
უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ფრონტზე სიტუაცია ისეთი კარგი არ არის, როგორც ზელენსკი აცხადებს
უკრაინულმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-მ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც მიმოხილულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და არსებული საფრთხეები.
გამოცემის ჟურნალისტებმა რამდენიმე უკრაინელ სამხედროსთან ინტერვიუც ჩაწერეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს, რომ ფრონტზე სიტუაცია ისეთი კარგი არ არის, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
„არ ვიცი, საიდან ავიღეთ ინიციატივა ხელში; ზოგიერთ რაიონში უბრალოდ PR აქტივობის ტალღა იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ჩაწყნარდება. სლავიანსკის სექტორში რუსული შეტევა სევერსკის დაცემის შემდეგ არ შეწყვეტილა. კოსტიანტინოვკაში ბრიგადები უკიდურესად გამოფიტულია“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი კორპუსის ოფიცერს, რომელიც დონეცკის ოლქში იბრძვის.
მეორე სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში იბრძვის, აღნიშნა, რომ ქალაქ გულაიპოლეში ინიციატივა რუსების მხარესაა.
„გულაიპოლეში ინიციატივაზე საუბარი არ არის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი ძალები ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა მან.
მესამე სამხედრო, რომელიც სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებაზე იბრძვის, აცხადებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები აქტიურ კონტრშეტევით ოპერაციებს აწარმოებენ, თუმცა იქაც ინიციატივა მათ მხარეს არ არის.
„ვაწარმოებთ აქტიურ თავდაცვას კონტრშეტევითი ელემენტებით, თუმცა ინიციატივა ხელში არ აგვიღია. მაისი მტრის მხრიდან წნეხის გაზრდის თვე იყო, ხოლო ივნისის დასაწყისი - მისი რეალიზაციის დრო. მტერი წყვეტს სად, როდის და რა ძალებით შეუტიოს“, - თქვა მან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეხუთე მოიერიშე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კონსტანტინოვკის მიმართულებაზე იბრძვის, აცხადებს, რომ ქალაქში 130-მდე რუსი სამხედროა შესული, რომლებიც თავიანთ თანამებრძოლებს უპილოტო საფრენი აპარატების პილოტების ადგილმდებარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
