
ზურაბ ქადაგიძე: ელენე ხოშტარია აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებს - ის არ თანამშრომლობს არც ერთ სახელმწიფო უწყებასთან და საკუთარი მდგომარეობით პოლიტიკური ქულების დაწერა სურს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი სახელმწიფო უწყებებს არ მიმართავს და საკუთარი მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. ქადაგიძე პარალელს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან ავლებს და აცხადებს, რომ „ტრაგედიის შექმნის“ მცდელობა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენება.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ელენე ხოშტარიამ, საჭიროების შემთხვევაში, სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება მიიღოს, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესება, პირველ რიგში, ხელისუფლებას დააზიანებს.
„არაერთხელ გაჟღერდა და ვნახეთ შეწყალების პოზიტიური შედეგი, მაგალითად, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შემთხვევაში. ისინი გათავისუფლდნენ ზედმეტი ინსინუაციებისა და პირობების წაყენების გარეშე. პროცესი ასეთია - ისინი აღიარებენ ბრალს, მიმართავენ პრეზიდენტს და შემდეგ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას.
ელენე ხოშტარიას შემთხვევაში ვხედავთ, რომ ის აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებს - არ მიმართავს არც ერთ სახელმწიფო უწყებას, თუმცა, პოლიტიკური ქულების დაწერა სურს.
ამ მიმართულებით სააკაშვილის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ - ყველაზე მარტივია საზოგადოებას თავი შეაცოდო, ტრაგედიად დახატო საკუთარი მდგომარეობა და პოლიტიკური ქულები დაიწერო. სწორედ ამის მცდელობას ვხედავთ ახლაც.
რაც შეეხება იმას, თუ საიდან ფინანსდება ხოშტარია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ელენე ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. თან, კარგად ვიცით, როგორ მიიღება რუსეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებები. თურმე, რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოში მყოფი ანტირუსი ოპოზიციონერისთვის, რომელიც მათ დეპუტატებს ხან საღებავს ასხამს, ხან აქციებს უწყობს, ფინანსური წყარო შეეწყვიტა. თურმე, ბიძამისის 50 წლის წინ დახატული ესკიზების ჰონორარს იღებს ხოშტარია. კვარტალში ასიათასებს იღებს, მაშინ როცა ვნახეთ, რომ სხვა მემკვიდრეები ამდენ თანხას ვერ იღებენ და მათ შემთხვევაში სიმბოლურ ციფრებზეა საუბარი.
