
ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, "არბატის" მოხალისეთა კორპუსში მსახურობდა - Netgazeti
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე აცხადებს, რომ სანამ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად თავად ჩამოაყალიბებდა დანაყოფს, მანამდე 9 თვე მოხალისეთა კორპუს „არბატის“ შემადგენლობაში მსახურობდა.
ფარცხალაძის კომენტარს ამჯერადაც რუსული სამთავრობო სააგენტო TASS ავრცელებს.
მანამდე რომანოვ-ფარცხალაძემ განაცხადა, რომ რუსეთში მოხალისეთა მრავალეროვანი დანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.
ფარცხალაძის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მას არ შეეძლო განზე გადგომა და მიიღო გადაწყვეტილება, „დახმარებოდა რუს სამხედროებს, ასევე დონბასისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქების მცხოვრებლებს“.
„უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2025 წლის 9 მაისის გამარჯვების აღლუმზე მიწვევის შემდეგ, მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება და წავედი სამსახურში მოხალისეთა კორპუს „არბატის“ შემადგენლობაში, სადაც ცხრა თვე ვიმსახურე. ხოლო „არბატში“ სამსახურის დასრულების შემდეგ, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა მივიღეთ გადაწყვეტილება მოხალისეთა მრავალეროვანი ქვედანაყოფის „გეორგიევსკის“ შექმნის შესახებ“, – განაცხადა ფარცხალაძემ.
მისი თქმით, „გეორგიევსკში“ წევრიანდებიან მოხალისეები, რომლებიც „აფასებენ რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიას და საუკუნოვან ძმობას“.
რაც შეეხება მოხალისეთა კორპუს „არბატს“, ეს დანაყოფი 2022 წელს შეიქმნა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელის, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ბიზნესმენის, არმენ სარქისიანის (მეტსახელად „გორლოვსკი“) ინიციატივით.
თავდაპირველად „არბატი“ იბრძოდა ცნობილი აფხაზური ბრიგადის, „პიატნაშკას“ შემადგენლობაში. 2023 წლიდან “არბატი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადავიდა. ბატალიონი დაახლოებით 500 ადამიანს ითვლის. მათ რიგებში არიან მოიერიშეები, დრონების ოპერატორები და რადიოელექტრონული ბრძოლის (EW) სპეციალისტები. ბატალიონის წარმომადგენლების თქმით, მათ შეუერთდა „ვაგნერის“ მრავალი ყოფილი დაქირავებული მებრძოლიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად კი, დანაყოფი დიდწილად რუსულ ციხეებში გადაბირებული პატიმრებით იყო დაკომპლექტებული.
„არბატი“ აქტიურად მონაწილეობდა დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში. 2024 წლის აგვისტოში, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში დაიწყეს შეტევა, ბატალიონი „არბატი“ სასწრაფოდ მოხსნეს უკრაინის ფრონტიდან და კურსკში გადაისროლეს საპასუხო ოპერაციების საწარმოებლად.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სექტემბერში სომხეთის მთავრობამ დააკავა რამდენიმე პირი და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბატალიონი „არბატის“ წევრები სომხეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ.
2025 წლის 3 თებერვალს მოსკოვში, ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად ბატალიონის დამფუძნებელი, არმენ სარქისიანი მოკლეს.
2026 წლის თებერვალში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა „არბატის“ მეთაური ჰაიკ გასპარიანი, რომელიც მანამდე რუსეთში შეიარაღებული ძარცვისთვის 7-წლიან სასჯელს იხდიდა და ციხიდან პირდაპირ ბატალიონში მოხვდა.
გასულ პერიოდში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს საბრძოლო მოქმედებებიდან ფოტო/ვიდეო მასალა არ გაუვრცელებია.
რას ამბობს ფარცხალაძე დასავლურ სანქციებზე?
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსულ მედიასთან ამბობს, რომ ის დასავლური სანქციების ქვეშ მოქცევით ამაყობს.
„ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი იყო – სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ ჩემი სიმართლის მოყვარეობის, მტკიცე პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი. ორჯერ შემიყვანეს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სასანქციო სიებში. მაგრამ ამ სანქციებს სიმართლისთვის მიღებულ ორდენად მივიჩნევ“, – განაცხადა ფარცხალაძემ.
ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი. მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე საქართველოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
პროკურატურის ვერსიით, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. დეტექტივის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა – ირაკლი უსოიანმა ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა.
ამასთან, ოთარ ფარცხალაძე უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მიერაა დასანქცირებული.
აშშ ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედია სამშობლოდ დღეს რუსეთს მიიჩნევს – ფიფია ფარცხალაძეზე „გარეწარი“, „არასწორი ფაქტი“ – რას ამბობენ „ოცნების“ დეპუტატები ფარცხალაძეზე
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge