გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ფინალისტთა შორის დასახელდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს - „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში, მე-4 მიზნის (ხარისხიანი განათლება) ნომინაციაში, შვიდ ფინალისტ ორგანიზაციას შორის დასახელდა.
უნივერსიტეტმა კონკურსზე წარადგინა მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ცნობიერების ამაღლების კამპანია.
კამპანიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მოიცავდა მდგრადი განვითარების თემატიკაზე ორგანიზებულ კონკურსებს; უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ ტრენინგებს; სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში, მათ შორის, მდგრადი განვითარების ოლიმპიადაში; სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას; სკოლებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საბავშვო წიგნის -„SDGs Storytelling“, გამოცემას.
კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს რიგით მეცხრე დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გაიმართა. გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა შვიდ ნომინაციაში, რომლებიც გაეროს მდგრადი განვითარების ექვს მიზანს უკავშირდება: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი მოხმარება და წარმოება, პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
კონკურსი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ტარდება და საქართველოში კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ბიზნესსექტორში პასუხისმგებლიანი პრაქტიკის დანერგვასა და მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას უწყობს ხელს.
ღონისძიებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი, პროფესორი მეჰდი მაჯიდი და ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ბიწაძე,
ესწრებოდნენ.
მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გრუნის მისწრაფებას, მდგრადი განვითარების მიზნები ინტეგრირებული იყოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობაში და მის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული, ევროპული ღირებულებების შესაბამისი საგანმანათლებლო კულტურის განვითარებას.
