ელენე ხოშტარია - გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი - გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გუშინდელ აქციაზე მომხდარით გაოგნებულია.
ხოშტარიას თქმით, ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენება.
მეტიც, ხოშტარია თვლის, რომ გუშინდელზე დიდი შეცდომა იქნება თუკი მომხდარზე „პასუხისმგებლობას არ ავიღებთ”.
„ძალიან მიუღებელი და გულდასაწყვეტია, როცა საერთო ეროვნული აქცია გამოიყენება პარტიული ინტერესებისთვის. მე არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს. გაოგნებული დავრჩი, როცა გამომსვლელებში ვერ დავინახე სხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე გავოგნდი, პარტიულად ორგანიზებული მიშა-ბიძინას პლაკატების დანახვისას, ვისი მომზადებულიც არ უნდა ყოფილიყო, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილთან, 28 ნოემბერს ამის ადგილი არ იყო და წერტილი. გარდა ამისა, არ მესმის ოლიგარქისა და ოპოზიციის ლიდერის ერთ სიბრტყეზე დაყენება, თუმცა ეს თავად გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, გუშინდელ შეცდომაზე უარესი იქნება, თუ ხალხს გულწრფელად არ ვეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორი იყო და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამაზე“, - წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს "გამიზნული პროვოკაცია" უწოდეს და „ოპოზიციის ალიანსისგან“ მოითხოვეს, ღიად დააფიქსირონ პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.
