ორიგინალი
რა წერია USAID-ის შიდა დოკუმენტებში საქართველოს შესახებ – 17.5-მილიონიანი ბიუჯეტი, ქართული ორგანიზაციების როლი, 2023–2024 წლების მოვლენები, საქართველო, როგორც „უნიკალური მოდელი“
აიპრესი·22:35

რა წერია USAID-ის შიდა დოკუმენტებში საქართველოს შესახებ – 17.5-მილიონიანი ბიუჯეტი, ქართული ორგანიზაციების როლი, 2023–2024 წლების მოვლენები, საქართველო, როგორც „უნიკალური მოდელი“

26 ნოემბერი, 2026 · 22:35

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 2019–2024 წლების შიდა ანგარიშები, ბრიფინგები, ადმინისტრატორ სამანტა პაუერისთვის მომზადებული მემორანდუმები და ელექტრონული მიმოწერები დეტალურად აღწერს საქართველოში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ მედია და კონტრდეზინფორმაციულ პროგრამებს.

შიდა მიმოწერის დოკუმენტები, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი, თეთრმა სახლმა გაასაჯაროვა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციების დროს USAID-ს იყენებდნენ იარაღად რადიკალური დღის წესრიგის გასატარებლად, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს – „გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად ვაქვეყნებთ დოკუმენტებს, მემორანდუმებსა და შიდა მიმოწერას, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ საქმიანობდა სააგენტო“.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქართველო USAID-ის გლობალურ პორტფელში ერთ-ერთ მთავარ საპილოტე ქვეყნად განიხილებოდა – დაწყებული სოციალური ქსელების მონიტორინგით, დასრულებული 17.5-მილიონიანი პროგრამებით, ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობითა და საქართველოს ხელისუფლებასთან 2023–2024 წლებში განვითარებული ღია დაპირისპირებით.

USAID-ის გლობალური პროგრამების მონაცემთა ბაზის (Disinformation Activity Data Sheet) მიხედვით, საქართველოში ინფორმაციული სივრცისა და მედიის მიმართულებით ორი მსხვილი პროგრამა ფინანსდებოდა, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 17.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა:

„საქართველოს ინფორმაციის სანდოობის პროგრამა“ (GIIP): 2020–2025 წლებზე გათვლილი პროექტი 7.5 მილიონი დოლარის ბიუჯეტით, რომელსაც ბრიტანული კომპანია Zinc Network ახორციელებდა (თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, USAID-ის მხრიდან კოორდინატორი ქეთი ბაქრაძე).

„მედიისა და საინფორმაციო აქტორების გაძლიერება საქართველოში“: 2022–2027 წლებზე გათვლილი პროგრამა ათი მილიონი დოლარის ბიუჯეტით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია IREX ხელმძღვანელობდა (USAID-ის კოორდინატორი კორინ როთბლუმი).

ამ ორი პროექტის გარდა, დოკუმენტებში ნახსენებია რეგიონული საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელი (RIJN / OCCRP), რომელსაც USAID 2011–2022 წლებში აფინანსებდა და რომელიც კორუფციული გამოძიებების კუთხით საქართველოშიც მუშაობდა. მიმოწერებში ასევე ფიგურირებს USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამა თბილისში, რომელსაც კომპანია DAI (ხელმძღვანელი რიჩარდ ჰეზელვუდი) ახორციელებდა.

შიდა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საქართველოს პროგრამის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი თავად USAID-ის ადმინისტრატორს, სამანტა პაუერს ჯერ კიდევ თანამდებობაზე დამტკიცებამდე ჰქონდა. 2021 წლის 2 თებერვლის ბრიფინგის ჩანაწერში, მას შემდეგ, რაც სააგენტოს წარმომადგენელმა მას საქართველოში მიმდინარე კონტრდეზინფორმაციული პროგრამის შესახებ უამბო, პაუერმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდა საქართველოს გამოცდილებას და გაიგებდა, როგორ შეიძლებოდა ამ გაკვეთილების გამოყენება უკრაინაში.

2022 წლის 11 ივლისს პაუერისთვის გაგზავნილ მემორანდუმში საქართველოს პროგრამა შეფასებულია, როგორც უნიკალური, „მთელი საზოგადოების“ (whole-of-society) მომცველი მოდელი, რომელიც ტრადიციული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, აერთიანებდა ადგილობრივ მონაცემთა მეცნიერებს, სასულიერო პირებს, ხელოვანებსა და ანთროპოლოგებს. 2022 წლის ნოემბერში USAID-ის ინფორმაციის მედეგობის ხელმძღვანელი ვერა ზაკემი პრაღისა და კიშინიოვის შემდეგ სპეციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, რათა პროგრამის მუშაობას ადგილზე გასცნობოდა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის (NORC) მიერ 2023 წლის აგვისტოში მომზადებულ ვრცელ ანგარიშში საუბარია USAID-ის ტაქტიკაზე საქართველოსთან მიმართებით. ავტორების შეფასებით, მიუხედავად 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ევროატლანტიკური კურსისა, 2008 წლის ომისა და ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციისა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სკეპტიკურად უყურებს ნატო-ს წევრობას და მოსკოვთან დაბალანსებულ ურთიერთობას ამჯობინებს. ანგარიშში წერია, რომ „საქართველოს მთავრობამ საკუთარ კომუნიკაციებში თავად დაიწყო მოსკოვის გზავნილების გამეორება, რამაც ხელისუფლებასთან პარტნიორობაზე დაფუძნებული რეფორმები შეუძლებელი გახადა და USAID-ი იძულებული გახდა, აქცენტი სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და ალტერნატიულ ნარატივებზე გადაეტანა“.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროგრამის მიდგომამ – მიზანმიმართულად შეეცვალა მოქალაქეთა განწყობები და ქცევა – თავად USAID-ის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თანამშრომელთა ნაწილი სვამდა კითხვას, შედიოდა თუ არა მსგავსი კამპანიები განვითარების სააგენტოს მანდატში და ხომ არ უახლოვდებოდა ის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო დიპლომატიას.

დოკუმენტებში დასახელებულია კონკრეტული ქართული ორგანიზაციები და პარტნიორული გაერთიანებები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე USAID-ისა და მისი პარტნიორების პროექტებში მონაწილეობდნენ:

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED): 2022 წლის თებერვლის მემორანდუმში აღნიშნულია, რომ Facebook-მა USAID-ის მხარდაჭერილი ISFED-ის მონაცემებზე დაყრდნობით წაშალა 500-ზე მეტი გვერდი, 100 Facebook ანგარიში, 120 ჯგუფი და 56 Instagram ანგარიში, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. გარდა ამისა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) 2021 წლის ოქტომბრის ანგარიშში ISFED-ი და FactCheck.ge მოყვანილია მაგალითად, თუ როგორ „ამხილეს მათ ცესკო-ს ყალბი Facebook გვერდი“.

დოკუმენტებში ასევე დასახელებულია, „ინფორმაციის სანდოობის კოალიცია“: GIIP-ის ფარგლებში შექმნილი ქსელი, რომელიც თავდაპირველად რვა, შემდეგ კი 13 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებდა (NORC-ის ანგარიშში მათი ინდივიდუალური სახელწოდებები და დაფინანსების წილი დაკონკრეტებული არ არის).

დოკუმენტებში მოხვდა ასევე ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია (DFRLab), რომელთან ერთადაც, ანგარიშების მიხედვით, შეიქმნა საქართველოს დეზინფორმაციის ეკოსისტემის რუკა და ყოველ ორ კვირაში ქვეყნდებოდა მონიტორინგის ანგარიშები.

გამოცემა Civil Georgia დოკუმენტებში ფიგურირებს, როგორც მთავარი საინფორმაციო წყარო და პლატფორმა USAID-ის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებებისთვის.

NORC-ის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი GIIP-ის კოალიციის მიერ ჩატარებული კამპანიები და პროექტებიც. კერძოდ, „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“: 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წამოწყებული კამპანია, რომელიც პასუხობდა „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ გავრცელებულ ნარატივებს. ანგარიშის თანახმად, ამ კამპანიის შემდეგ მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატმა ნატო-ს მიმართ მანამდე გაკეთებული ბრალდებები უკან წაიღო.

ასევე, „გმირობის ნაყოფი“: სოციალური ერთობის კამპანია, რომელიც თბილისელებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერების პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდებდა.

კიდევ ერთი კამპანიის დასახლებაა „დეზინფორმაცია შეურაცხყოფს ჩვენს გმირებს“: პატრიოტულ ღირებულებებზეა აგებული, მათ შორის თბილისის მეტროში განთავსებული პოსტერებით.

ასევე, გორისა და ეროვნული სიმბოლოების კამპანიები – სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში საბჭოთა ნოსტალგიის შესამცირებლად შექმნილი კამპანია.

ასევე, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ მითვისებული პატრიოტული სიმბოლოების დაბრუნება და ხალხურ მუსიკოსებთან თანამშრომლობა.

დასახლებულია სამი გამოძიება და ტექნოლოგიური პროექტი. კერძოდ, დაფინანსდა გამოძიებები ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ფინანსური კავშირებისა და პროკრემლისტური აქტორების გავლენის შესახებ. ასევე, შეიქმნა პირველი პროგრამა (OCR), რომელიც PDF ფაილებში ქართულ ანბანს ამოიცნობს და რედაქტირებად ტექსტად აქცევს.

2022 წლის მარტის გზამკვლევში USAID/Georgia-ს პროგრამა მოყვანილია მთავარ მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ ადგილობრივი ორგანიზაციები Meta-სთან (Facebook): ყალბი ანგარიშებისა და ტროლ-ბოტების ქსელების გამოვლენა და წასაშლელად გადაცემა; ადგილობრივი ფაქტების გადამმოწმებლების მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად; Meta-სთან ლობირება, რათა აშშ-ში არჩევნებისთვის დანერგილი პოლიტიკური რეკლამის მკაცრი წესები საქართველოშიც ამოქმედდეს.

ელექტრონული მიმოწერების მიხედვით, 2022 წლის 23 სექტემბერს თბილისში, Zinc Network-ის ოფისში შედგა შეხვედრა Meta-ს საჯარო პოლიტიკის რეგიონულ მენეჯერ კატერინა კრუკს, აშშ-ის საელჩოსა და USAID/Georgia-ს წარმომადგენლებს შორის, სადაც არჩევნების სანდოობა და ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს. 2024 წლის 16 აგვისტოს კი, DAI-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ ჰეზელვუდმა USAID-ის მისიას გაუზიარა Civil Georgia-ს სტატია Meta-ს მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ მოქმედი რუსული ანგარიშების წაშლის შესახებ და მისიას მოახლოებული არჩევნების წინ Meta-ს დეზინფორმაციის პოლიტიკის მენეჯერთან, USAID-ის ყოფილ თანამშრომელ მაიკ ბრედოუსთან პირდაპირი კონტაქტი შესთავაზა.

დოკუმენტებში ასევე ნახსენებია საქართველოს ადგილი საერთაშორისო კვლევებში:

Global Disinformation Index (GDI): 2023 წელს GDI-მ (რომელიც ონლაინ მედიის დეზინფორმაციულ რისკებს აფასებს) საქართველო ევროპის ექვს პრიორიტეტულ ქვეყანას შორის დაასახელა და ადგილობრივი პარტნიორისთვის 30-მდე მედიასაშუალების შესასწავლად 20 000-დოლარიანი ჰონორარი გამოყო.

IFES-ის 2019 წლის ნაშრომში საქართველო (უკრაინასთან და ნიგერიასთან ერთად) დასახელებულია არჩევნების დროს სოციალური მედიის მონიტორინგის ახალი მეთოდების პიონერად.

ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში USAID-მა საქართველოს მაღალი რისკის (H) სტატუსი მიანიჭა იმ საფრთხის გამო, რომ ანტიდასავლური დეზინფორმაცია და კიბერშეტევები პარტნიორებზე შეარყევდა საზოგადოების ნდობას და პროგრამებს შეაფერხებდა.

USAID-ის უსაფრთხოების ოფისის (SEC) 2024 წლის ნოემბრის ანგარიშში (Foreign Malign Influence Limited Analysis) დეტალურად არის აღწერილი 2023–2024 წლების „კრიზისი“:

2023 წლის ოქტომბერი: მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ USAID-ს ბრალი დასდო „ფერადი რევოლუციის“ დაგეგმვასა და სერბეთის მოქალაქეების მონაწილეობით ხელისუფლების დამხობის ტრენინგების დაფინანსებაში, რაც რუსულმა სახელმწიფო მედიამ (TASS, RT) აიტაცა.

USAID-ის პასუხი: 2023 წლის 26 ოქტომბერს USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ელჩმა ერინ ელიზაბეტ მაკიმ „Civil Georgia“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოფიციალურად უარყო „ქართული ოცნების“ ბრალდებები „ექსტრემისტების დაფინანსების“ შესახებ.

2024 წლის მაისი: ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად გაართულა USAID-ის მუშაობა ქვეყანაში. ამავე პერიოდში გავრცელდა ბრალდებები, თითქოს სააგენტო IREX-ის გავლით აფინანსებდა საპროტესტო აქციებს. USAID-ის უსაფრთხოების ოფისი ამ განცხადებებს სააგენტოს დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

გარდა შიდა ქართული პროექტებისა, 2024 წლის იანვრის ბრიფინგ-დოკუმენტში (Belarusian Independent Media and BigTech) საქართველო რეგიონული მედიაუსაფრთხოების კონტექსტშიც ფიგურირებს. დოკუმენტის მიხედვით, ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიებს გამოქცეული ბელარუსული დამოუკიდებელი მედიისთვის საქართველო ერთ-ერთი მთავარი თავშესაფარია, ხოლო ბათუმი (ვილნიუსთან, ვარშავასთან, ბელოსტოკთან და უკრაინასთან ერთად) დასახელებულია უსაფრთხო რესურსცენტრად, კონტენტის წარმოების ჰაბად და ახალი მედიაპროექტების აქსელერატორად. ამავე დოკუმენტში ბელარუსული მედიასექტორი Google-ს მოუწოდებს, გაატაროს „ციფრული დეკოლონიზაციის“ პოლიტიკა და ბელარუსული საინფორმაციო ველი რუსულისგან ისევე გამიჯნოს, როგორც ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში ხდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. რა წერია USAID-ის შიდა დოკუმენტებში საქართველოს შესახებ – 17.5-მილიონიანი ბიუჯეტი, ქართული ორგანიზაციების როლი, 2023–2024 წლების მოვლენები, საქართველო, როგორც „უნიკალური მოდელი“

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·23:40

გიორგი ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს როგორ მოიქცე?

გიორგი ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს როგორ მოიქცე?
აიპრესი·23:39

27 ნოემბერს სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ

27 ნოემბერს სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ
აიპრესი·23:38

„იბერია 1999-მა“ „ხეტაფე“ დაამარცხა და საპლეიოფე ზონაში შევიდა.

„იბერია 1999-მა“ „ხეტაფე“ დაამარცხა და საპლეიოფე ზონაში შევიდა.
აიპრესი·22:06

„როიტერი“: რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე იური გრეხოვი კორუფციის საქმეზე დააკავეს

„როიტერი“: რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე იური გრეხოვი კორუფციის საქმეზე დააკავეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.