“მამაკაცს ხელში მძიმე ნივთი ეჭირა, როდესაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და ძირს უგონოდ დაეცა” – სამედიცინო ბრიგადამ კიდევ ერთი სიცოცხლე იხსნა
“თბილისის მე-5 ფილიალის 534-ე ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით „უგონო“. ერთ-ერთი დაწესებულებიდან გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ. ადგილზე შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ოპერატიულ რეაგირებას მოითხოვდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას ეზოში, მიწაზე მწოლიარე შუახნის მამაკაცი დახვდა, რომელსაც პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა.
“თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცს ხელში მძიმე ნივთი ეჭირა, როდესაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და ძირს უგონოდ დაეცა.
ექიმმა თეა იმერლიშვილმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. კარდიომონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია ფიქსირდებოდა. პაციენტს ოთხჯერ დასჭირდა ელექტროშოკის გამოყენება, რის შემდეგაც მას პულსი და დამოუკიდებელი სუნთქვა აღუდგა.
ბრიგადამ პაციენტი უმოკლეს დროში გადაიყვანა უახლოეს კლინიკაში, სადაც მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი დაუდგინდა. ამჟამად მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და გეგმიური შუნტირებისთვის ემზადება.
თეა იმერლიშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში უკვე 20 წელია მუშაობს, აქედან 13 წელია უფროსი ექიმის პოზიციაზე. მის პროფესიულ პრაქტიკაში ეს წარმატებული რეანიმაციის მეოთხე შემთხვევა იყო.
გულის გაჩერების დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთ დროს პროფესიონალიზმი, სწრაფი გადაწყვეტილებები და გუნდური მუშაობა ადამიანს სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს”, – წერია ინფორმაციაში.
