გია ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე?
რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე? – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოელ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ, ვინ იქნება ციხეში, მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ომში ჩართვაა.
„აბსოლუტურად არ აინტერესებთ მზია ამაღლობელი იქნება ციხეში, მე ვიქნები თუ პაატა ბურჭულაძე. აქ არის ერთი ამოცანა, არის ომი და ამ ომში უნდა ჩაერთო.
ეს ბოროტი ძალა, რომელიც, (კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაზე მაქვს საუბარი), არის შემოჭრილი უხეში მეთოდებით, ანგრევს ყველანაირ წარმოდგენას იმაზე, რითაც აპელირებენ.
შეიძლება ვიღაც გულუბრყვილოა და მართლა ჰგონია, რომ დემოკრატიას ემსახურება, როდესაც გამოდის და პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრის, ირონიის გარეშე ვამბობ. შეიძლება ჰგონია, რომ ქვეყანა გადასარჩენია, მსხვერპლზე უნდა წავიდეს და თავი უნდა დააჭერინოს, თვითდაჭერილები ჰქვია ამას. მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის ერთი მიზნისთვის – სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონში შეიქმნას ისეთი ვითარება, სადაც რუსეთს დამატებითი პრობლემები შეექმნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
