თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბათუმში პოლიციის მოქმედებებს გმობს – შსს აცხადებს, რომ ინციდენტი პალესტინის დროშას არ უკავშირდებოდა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორი ბურჰანეთინ დურანი ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბერ-შევას“ მატჩის დროს გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის ჩარევას ეხმაურება და მომხდარს გმობს.
დურანის განცხადებით, გულშემატკივრების მიმართ პოლიციის არაპროპორციული ჩარევა მიუღებელია.
„პალესტინელი ხალხისადმი სოლიდარობის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ძალადობისა და ჩარევის გამართლების საფუძველი“, – განაცხადა დურანმა.
მან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს მომხდარის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა თურქულ სპორტულ კლუბებს, რომლებმაც მომხდარის შემდეგ კლუბსა და მის გულშემატკივრებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას ჩვენმა სპორტულმა კლუბებმა სოლიდარობის გზავნილებით უპასუხეს, თავად „ბეშიქთაშმა“ კი მოედანზე გამარჯვებით გასცა ყველაზე ღირსეული პასუხი. ვულოცავ „ბეშიქთაშის“ დიდ ოჯახს“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, ბათუმში, უეფას ევროპა ლიგის მატჩის მიმდინარეობისას, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბერ-შევას“ შეხვედრა ტრიბუნებზე მომხდარი დაპირისპირების გამო დროებით შეჩერდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს.
უწყების განმარტებით, დაპირისპირება პალესტინის დროშების გამოჩენამდე დაიწყო. სამინისტროს ცნობით, გულშემატკივრების ნაწილმა პოლიციის გაფრთხილებები არ გაითვალისწინა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი ესროლა.
