უკრაინამ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურასა და სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტს შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სამხედრო დაზვერვა იუწყებიან.
26 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაზიანდა საწარმოო დანადგარები, ნავთობპროდუქტების საცავები და მილსადენები. ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმის სამიზნე გახდა ბაშკორტოსტანში მდებარე სუბხანკულოვოს ნავთობსატუმბი და შესანახი სადგურიც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, დაზიანდა ნავთობის რეზერვუარი და ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული ობიექტი რუსული კომპანია „ტრანსნეფტის“ ინფრასტრუქტურის ნაწილია და დასავლეთ ციმბირიდან ნავთობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკის სამხედრო აეროდრომს „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს. უკრაინული მხარის ცნობით, აეროდრომზე რუსული Су-34 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებია განთავსებული. დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბი ზუსტდება.
“ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა შეიარაღებამ მიზნებს მიაღწია რუსეთის ნავთობობიექტებზე, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში ჩართულ საწარმოებში და სხვა ობიექტებზე, რომლებიც ომისთვის მუშაობენ, ასევე სამხედრო აეროდრომებსა და თვითმფრინავებზე”,- წერს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მსგავსი ოპერაციების მიზანი რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებაა.
