„მთავარი მაინც შინაგანი სულის ფერის ჩაწვდომა და დანახვაა“ – ბესო გინტური, ორი განსხვავებული ემოცია და… ნატურიდან უფუნჯოდ, შიშველი ხელებით შესრულებული პორტრეტი
იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლა, ფერწერის სპეციალობით დაამთავრა. 2000-2007 წლებში კი – სამხატვრო აკადემიის თეატრის მხატვრობის ფაკულტეტი. სპეციალიზდება პეიზაჟსა და სცენოგრაფიაში, ხელოვნების დიზაინში. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და მხატვრულ საქმიანობას, გამორჩეულია პროექტები თეატრისა და კინოს სფეროში. მუშაობდა სახვითი ხელოვნების პედაგოგად შპს „სინათლის“ მრავალპროფილიან საშუალო სკოლა „მომავალში“. არის გამოსაშვები ხელოვნების პედაგოგი ხელოვნების ცენტრ „იმედში“. გააფორმა სპექტაკლები: „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“, ასევე – კინოფილმი სოფელ ხოვლეზე – „კვართობა“. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში – როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. – მხატვარ ბესო გინტურის პერსონა.
– ხუთი წლიდან ვხატავ, მახსოვს პირველად საბავშვო ბაღში ჩემი ნახატი რომ მოეწონა აღმზრდელს, შემაქო და ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ეს პეიზაჟი იყო, სადაც განსაკუთრებული ყურადღება „ხეს“ ეჭირა. პედაგოგმა მითხრა: „ნამდვილი ხეა თავის ტოტებით, ყოჩაღ“! – იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლა და შემდეგ აკადემია… რატომ თეატრის მხატვრობის ფაკულტეტი? საინტერესო სტუდენტობიდან… – ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩაბარება ჩემი ოცნება იყო, წარმატებით ჩაბარების შემდეგ, როგორც შემპირდნენ, მეორე კურსზე დამსვეს, ეს დაუჯერებელი მოვლენა იყო. ნიკოლაძის სასწავლებლის შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ეს ორი სასწავლებელი, ეს წლები ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მიუხედავად ყველა სირთულისა, იყო ეს სამხატვრო მასალების სრულყოფილად არ ქონა თუ სხვა დაბრკოლებები, მიხაროდა, როცა სასწავლებელში მივდიოდი. ფერწერის სპეციალობა დავამთავრე ნიკოლაძეში, მინდოდა უფრო სხვა, ახალი და გადავწყვიტე აკადემიაში თეატრის მხატვრობა მესწავლა. – რა არის არსებითი გრაფიკული და ფერწერული პორტრეტების ხატვისას? – მთავარი ბევრი რამ არის, მაგრამ ერთს მივაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას – შინაგანი სულის ფერის ჩაწვდომა და დანახვა. ძალიან რთულია, იპოვო ეს ფერი და გადმოსცე. დღემდე ამას ვეძებ, რათა პორტრეტი იყოს ღრმა ექსპრესიული. ეს არის ამ ჟანრში მუშაობისას ჩემთვის მთავარი. – რა განსხვავებაა პორტრეტსა და პეიზაჟზე მუშაობას შორის? რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან სამუშაო პროცესი და ემოციური დატვირთვა პორტრეტსა და პეიზაჟზე მუშაობისას? – ყველა ჟანრი განსხვავებულია, მხოლოდ მიდგომაა ერთნაირი. როცა პორტრეტზე ვმუშაობ (ვგულისხმობ ნატურიდან ხატვას), ემოცია განსხვავებულია, რადგან შენ წინაშეა ცოცხალი ადამიანი, რომელსაც უყურებ და აკვირდები, უყურებ მის თვალებს, ნაკვთებს, სახეს სწავლობ და იკვლევ მისი სახის ფერს… ეს ცოცხალი პროცესია, რომელიც შინაგანად გავსებს და გამდიდრებს. პეიზაჟი ის გარემოა, სადაც თავს მშვიდად და აუღელვებლად გრძნობ, ის სულ სხვა ხასიათისაა… გრძნობ და ხვდები, რა სურნელი აქვს მის ფერს, ამას პლენერზე მუშაობისას იგრძნობ. სხვაგვარად შეუძლებელია. – ადამიანის ხასიათის „დაჭერა“ თუ ბუნების ასახვა – რა უფრო რთულია? – მე ვიტყოდი – ორივე, რადგან ხასიათი ორივე ჟანრში რთულია და რაც უფრო რთულია, ის უფრო საინტერესოა.– და მაინც, რომელ სტილს მიაკუთვნებთ თავს და რომელი ჟანრია უფრო ახლობელი? – ყველა ჟანრი მიზიდავს, განსაკუთრებით – პორტრეტული. სიმბოლიზმი ძალიან მიზიდავს, ერთი დიდი ტილო მაქვს შექმნილი ამ სტილში, რომელსაც ჰქვია: „ნაზირი“. – პროექტები თეატრსა და კინოში… გააფორმეთ სპექტაკლი: „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“; ასევე კინოფილმი სოფელ ხოვლეზე – „კვართობა“… კიდევ თუ აპირებთ ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებას? – ეს პროცესი ძალიან მხიბლავს, კრეატიული აზროვნება და მობილობა აქ აუცილებელია. ბევრი რამ არის საინტერესო ამ სფეროში მუშაობისას, პირველ ყოვლისა, ეცნობი იდეებით სავსე ადამიანებს. მათთან მუშაობა კი ერთიორად ღირს. კვლავ ვაგრძელებ და მომავალშიც გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. სოფელ ხოვლეში ფილმ „კვართობის“ გადაღებისას ადგილობრივების გვერდში დგომამ დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და ის ძველი ტრადიცია გამაცნო, რომელსაც სოფელი ინახავს.– შემოქმედებით მუშაობასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით. თქვენი სამხატვრო ცენტრი ამზადებს აბიტურიენტებს… როგორ პოულობთ დროს ერთდროულად ყველაფრის გასაკეთებლად? – ეს საქმე კიდევ უფრო მილამაზებს ცხოვრებას. როცა ხედავ ახალგაზრდების ენთუზიაზმს და დიდ ნიჭიერებას, მახსენდება ჩემი სტუდენტობა, როცა მათ ასაკის ვიყავი. მათ ყოველთვის უნდა დაუთმო დრო, იმაზე მეტიც, ვიდრე სჭირდებათ, რათა გამოცდილება გაუზიაროს ბავშვებს, შეაყვარო საქმე, რომელსაც ძალიან გიყვარს, ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერება. – პერსონალური და საერთაშორისო გამოფენებიდან რომელს გამოარჩევდით? – ორი პერსონალური გამოფენა მქონდა თელავის ისტორიის მუზეუმში, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო, ასევე – გამოფენა ერეკლე მეორის სახელობის მუზეუმში… ასევე მქონდა გამოფენები: ბერლინში, უნგრეთში, მალტაში, სომხეთში…– კარიკატურების ხატვა… საინტერესო რა გახსენდებათ? – ადამიანები ხარობენ, იცინიან, მხიარულდებიან, იმ მომენტს ალამაზებენ და მეც მაბედნიერებს, ამაში რომ წვრილი შემაქვს… ერთხელ ფერადკანიან ქალბატონს ვხატავდი და ვერაფერს ვხედავდი, რომ ვუყურებდი სახეზე, არ ჩანდა არაფერი, გარდა თვალებისა და კბილების. ამის გამო ბევრი ვიცინეთ მეც და მანაც. – ერთი ნახატის საინტერესო ისტორია… – მახსენდება სტუდენტობის წლები, არ მქონდა სამხატვრო ინვენტარი, ვხატავდი ნატურიდან პორტრეტს ფუნჯის გარეშე, შიშველი ხელებით და ეს პორტრეტი, სამწუხაროდ, დავკარგე, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში მუდამ დარჩება. – ჰობი… – ჭადრაკის თამაში.– ოჯახი… – ეს ჩემთვის კარგი ატმოსფეროა, ხოლო როდესაც აკვირდები შვილს, როგორ იზრდება, ბედნიერებისგან დუმდები. – მომავლის გეგმები… – ვგეგმავ და სულ ვფიქრობ, შევქმნა განსხვავებული ფერწერული ნაწარმოები, რომელსაც გამოვფენ და მნახველი ბევრ რამეს გაიგებს. რა თქმა უნდა, გამოფენებში მონაწილეობა ეს არის მხატვრის ამოცანა და მიზანი, გააცნოს თავისი შემოქმედება საზოგადოებას.














თამარ შაიშმელაშვილი
