პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში მცხოვრებმა ბრალდებულმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა ამავე სოფელში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ. ფართის სპორტულ სტადიონს და შემდგომში მოეხდინა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია. ამ მიზნით, ბრალდებულმა სპორტული სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად დაყო სამ ნაწილად და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე, როგორც თითქოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში დაარეგისტრირა თავის და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, მიწის ნაკვეთების უკანონო წარმომავლობის დაფარვის მიზნით, მან სამივე მიწის ნაკვეთს შეუცვალა ფუნქცია და არასასოფლო-სამეურნეო მიწად დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.
“ხსენებულის შემდეგ, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე მიწის ნაკვეთი გადააფორმა მასთან დაკავშირებული პირის სახელზე, რომელმაც შემდეგში მისი დავალებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოახდინა მიწის ნაკვეთების გაერთიანება, რითაც მოხდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ამ გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 1 871 908 ლარად ღირებული სპორტული სტადიონის დაუფლება,”- წერია ინფორმაციაში.
