აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს – „შემოდგომა ქედაში“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ მეუღლესთან ერთად დაესწრო.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა თურმანიძემ მიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მიულოცეს.
დღესასწაულის ფარგლებში, ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეებისა და მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მონაწილეებს საკუთარი ნაწარმის წარდგენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. სტუმრები გაეცნენ ქედის ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ ხელობას და ადგილობრივ სამზარეულოს.
ღონისძიებაზე საპატიო ქედელები და სასპორტო სკოლის წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ. ზურაბ პატარაძემ ჯილდო ლევან გორგილაძეს და მზიური შავაძეს გადასცა. დღესასწაული კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
სახალხო დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
