ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს - რა შეთანხმებას მიაღწიეს ყოფილმა მეუღლეებმა?!
ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ფრანგული ღვინის ქარხნის, Château Miraval-ის გარშემო მიმდინარე მრავალწლიანი სასამართლო დავა დაასრულეს. ყოფილმა მეუღლეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და საქმის სასამართლოს გარეშე მოგვარება გადაწყვიტეს.
ოთხშაბათს Page Six-ისთვის გაგზავნილ ერთობლივ განცხადებაში მსახიობებმა დაადასტურეს, რომ დავა დასრულებულია.
"ჩვენი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს გარეშე შევთანხმდით. ამ საკითხზე დამატებით კომენტარს აღარ გავაკეთებთ. მედიაში გავრცელებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც თითქოს ჩვენს წყაროებს ან ჩვენთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

62 წლის ბრედ პიტსა და 51 წლის ანჯელინა ჯოლის შორის უთანხმოება ღვინის ქარხნის გამო 2016 წელს დაიწყო. ყოფილმა წყვილმა Château Miraval 2008 წელს შეიძინა. 2022 წლის თებერვალში პიტმა ჯოლის უჩივლა. მსახიობის მტკიცებით, წინასწარი შეთანხმების თანახმად, არცერთ მათგანს არ ჰქონდა უფლება, მეორე მხარის თანხმობის გარეშე გაეყიდა ქონებაში საკუთარი წილი. პიტის თქმით, ჯოლიმ ეს შეთანხმება დაარღვია და თავისი წილი რუს ბიზნესმენ იური შეფლერს მიჰყიდა.
ანჯელინა ჯოლიმ ბრალდებები უარყო. მოგვიანებით კი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ 250 მილიონი დოლარის ოდენობის საპასუხო სარჩელი შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ პიტი ღვინის ქარხანაზე კონტროლის მოპოვებასა და მის ფინანსურ ზიანზე იყო ორიენტირებული.
განაგრძეთ კითხვა
