რას ჰყვება გოგებაშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული - "იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით... მოხდა შელაპარაკება და რაღაც ძიძგილაობა იყო"
გოგებაშვილის ქუჩაზე 65 წლის მალხაზ თოფურიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გიორგი მელაძესა და ლაშა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.
პროკურორ ქრისტინე კილასონიას განცხადებით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.
სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს მალხაზ თოფურიაზე, რომელიც წაიქცა, დაზიანება მიიღო და გარდაიცვალა.
პროკურორის თქმითვე, გიორგი მელაძემ ასევე იძალადა 68 წლის მამაკაცზე, რომელიც ადგილზე გასაშველებლად მივიდა. მისივე განმარტებით, გაშველების მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულები არ გაჩერდნენ. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, კონფლიქტი წვრილმანი ყოფითი საკითხის გამო - მანქანის გადაყენებასთან დაკავშირებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პროკურორის თქმით, ორივე ბრალდებული საზღვარგარეთ ცხოვრობდა, საქართველოში კი 24 ნოემბერს დაბრუნდნენ. მაკალათიას თქმით, გიორგი მელაძე ფინეთში ცხოვრობდა და ის წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი მათ შორის, ქურდობისთვის.
რაც შეეხება ლაშა გეგეშიძეს, ის საფრანგეთში ცხოვრობს, ისიც წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ნარკოდანაშაულისთვის. თავად ბრალდებულები აცხადებენ, რომ ისინი ნასამართლევები არ არიან.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებულების ადვოკატი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის თქმით, ის არაერთხელ დასვამს კითხვას, ეს პირები არიან ბრალდებულები თუ დაზარალებულები. უფლებადამცველის თქმით, ისინი ალტერნატიულ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებენ. მისივე განმარტებით, დაკავებულებს ვინმეს გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვა არ ჰქონიათ.
ადვოკატმა დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იშუამდგომლა.
სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმაც.
„ეს უბედური შემთხვევაა. პირველ რიგში, მინდა გამოვხატო მწუხარება გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით. არავის დავსხმივართ თავს. მოხდა შელაპარაკება და ასეთი რაღაც, ძიძგილაობა იყო. არ ყოფილა რომ ვინმე წაქცეულიყო. პოლიციის თანამშრომლებიც იქ იყვნენ“, - განაცხადა გეგეშიძემ.
მცირე რეპლიკით ისარგებლა გიორგი მელაძემ.
„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ერთადერთი ამის თქმა მინდა“, - განაცხადა მელაძემ.
"ინტერპრესნიუსი"
განაგრძე კითხვა
