მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. გაუმართლებელია საპატრიარქო კანდიდატის საღვთისმეტყველო განათლების ეჭვქვეშ დაყენება დიპლომის უქონლობის გამო - მიტროპოლიტი ნიკოლოზი - Netgazeti
გაუმართლებელია საპატრიარქო კანდიდატის საღვთისმეტყველო განათლების ეჭვქვეშ დაყენება დიპლომის უქონლობის გამო - მიტროპოლიტი ნიკოლოზი - Netgazeti

გაუმართლებელია საპატრიარქო კანდიდატის საღვთისმეტყველო განათლების ეჭვქვეშ დაყენება დიპლომის უქონლობის გამო - მიტროპოლიტი ნიკოლოზი - Netgazeti

ნეტგაზეთი29 აპრილი, 2026, 15:44|netgazeti.ge

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, გაუმართლებელია საპატრიარქო კანდიდატის საღვთისმეტყველო განათლების ეჭვქვეშ დაყენება დიპლომის უქონლობის გამო, როდესაც მრავალწლიანი პედაგოგიკური გამოცდილება გააჩნია.

მიტროპოლიტი ამის შესახებ სინოდისადმი მიწერილ წერილში საუბრობს, რომელიც 29 აპრილით თარიღდება.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ამის შესახებ პოზიცია 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზეც დააფიქსირა, სადაც საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდა. როგორც ცნობილია, კანდიდატების გამორჩევამდე სინოდში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლებასთან დაკავშირებით.

„მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, წმ. სინოდის სხდომის მდივანს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანდრიას, გორისა და ატენის მიტროპოლიტს, წმ. სინოდის წევრებს.

2026 წლის 28 აპრილის წმ. სინოდის სხდომაზე განიხილებოდა საპატრიარქო კანდიდატების საკითხი.

საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების IV თავის §2-ში აღწერილია მოთხოვნები, რომლებსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. აქ ნათქვამია, რომ კანდიდატს უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და იგი ასაკით უნდა იყოს არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, მაგრამ არაფერია ნათქვამი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და ასაკის ზუსტ განსაზღვრებაზე – ნიშნავს თუ არა არაუმეტეს 70 წლისა 71 წლის ასაკის შესრულებას, რაც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. ამიტომ, ჩემი და სინოდის ზოგიერთი სხვა წევრების აზრით, ეს საკითხი კენჭისყრით უნდა გადაწყვეტილიყო, რაც არ მოხდა. წმ. სინოდმა ხმათა უმრავლესობით კენჭისყრით გადაწყვიტა ამ საკითხებზე კამათის შეწყვეტა. ამ გადაწყვეტილებას ვემორჩილები, მაგრამ არ ვეთანხმები შემდეგი მიზეზების გამო:

1. ჩემი აზრით, ფორმულირება არაუმეტეს 70 წლისა გულისხმობს 71 წლის ასაკს, ამ მოსაზრებას იზიარებდა წმ. სინოდის რამდენიმე წევრი, რის გამოც ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კენჭისყრით, რაც არ მოხდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკის ზედა ზღვრის შეზღუდვა უცხოა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისა და თვით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარსულისათვის;

2. ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელია საპატრიარქო კანდიდატის საღვთისმეტყველო განათლების ეჭვქვეშ დაყენება დიპლომის უქონლობის გამო, როდესაც კანდიდატს გააჩნია მრავალწლიანი პედაგოგიკური გამოცდილება და არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, რაც საქართველოს კანონმდებლობით საერო სასწავლებელისათვის განისაზღვრება, როგორც სრული პროფესორი; ამასთან, როდესაც დიპლომის ფორმალური უქონლობა კანდიდატისათვის დაკავშირებულია იმ ომებში და ეკლესიის აღმშენებლობის პროცესში უშუალო აქტიურ მონაწილეობასთან, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ეკლესიამ უახლესი წარსული 35 წლის განმავლობაში გადაიტანა.

საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, თუ მღვდელმთავარი არ ეთანხმება მიღებულ დადგენილებას, მან ეს იმავე სხდომაზე უნდა განაცხადოს, ხოლო სხდომიდან სამი დღის განმავლობაში წერილობით უნდა წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც დაერთვება საეკლესიო კრების ოქმებს. ვიყენებ რა ამ უფლებას, მოგმართავთ თხოვნით, რომ ჩემი მოსაზრება დაერთოს წმინდა სინოდის 2026 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმს“, – წერს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

28 აპრილს საპატრიარქო კანდიდატების გამოსარჩევად სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან – მოსაყდრე შიო (მუჯირი), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც საპატრიარქო კანდიდატების გამოსარჩევად კენჭისყრა გაიმართა.

საპატრიარქო კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

• სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) – 20 ხმა; • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა; • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.

სინოდის სხდომის შემდეგ გავრცელებულ სხდომის ოქმში წერია, რომ მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებს შესთავაზა, აზრი გამოეთქვათ საპატრიარქოს მართვა-გამგეობის დებულების იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების კრიტერიუმებს ადგენს. საუბარია ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, ასევე უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება. ამის შესახებ სინოდის სხდომამდეც აზრთა სხვადასხვაობა იყო.

განათლებასთან დაკავშირებულ საკითხზე თავის წერილობითი პოზიცია წარადგინა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია). მიტროპოლიტმა ისაიამ კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ როგორც თავად წერს, არ აქვს სასულიერო აკადემიის დიპლომი.

„ყოველ მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვიჩნიეს ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია“, – წერს მიტროპოლიტი ისაია.

ახლა პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევენ, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ უცნობია. გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ. ამ სამი კანდიდატიდან პატრიარქი ის გახდება, ვინც ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს. სინოდში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, შესაბამისად პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 20 ხმა სჭირდება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ – კობახიძე აშშ-თან ურთიერთობებზე

მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ – კობახიძე აშშ-თან ურთიერთობებზე

ნეტგაზეთი

შსს ამბობს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავა

შსს ამბობს, რომ ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დააკავა

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი