მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - სამინისტრო - Netgazeti
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - სამინისტრო - Netgazeti

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - სამინისტრო - Netgazeti

ნეტგაზეთი6 ივლისი, 2026, 07:29|netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Land lord-ის მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, რომ ეს არის „სწორი“ და „ყველაზე ეროვნული“ მოდელი.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. Land lord-ის მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. Land lord-ის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის“, – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ.

„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან- ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან- განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს“, – თქვა ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფო იქნება პორტის მფლობელი:

„ეს იქნება ქართული პორტი, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი, სხვა არავინ არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის მფლობელი, მფლობელი იქნება სახელმწიფო. […] სახელმწიფო იქნება პორტის 100%-იანი მფლობელი“, – თქვა მან.

ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში და პირველი გემის მიღება 2029 წელს იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტი, რომელსაც შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (Anaklia Development Consortium – ADC) ახორციელებდა, რამდენიმეწლიანი დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში ოფიციალურად ჩაიშალა. კონსორციუმი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული საინვესტიციო კომპანია „Conti International“-ის მიერ იყო დაფუძნებული.

2019 წლის დასაწყისში პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ამ ფაქტმა პროექტის ირგვლივ კითხვები გააჩინა. ხაზარაძე და ჯაფარიძე აცხადებდნენ, რომ გამოძიება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მიზნად ისახავდა ანაკლიის პროექტის ჩაძირვას, რათა პორტი რუსეთის ან სხვა მოთამაშეების ინტერესების სასარგებლოდ შეჩერებულიყო.

შექმნილი კრიზისისა და გაურკვევლობის ფონზე, 2019 წლის აგვისტოში კონსორციუმი დატოვა მთავარმა ამერიკულმა პარტნიორმა — Conti International-მა.

მთავრობამ კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად (საკუთარი კაპიტალის მოძიება და ბანკებთან ხელშეკრულებების გაფორმება) ვადა რამდენჯერმე გადაუწია. საბოლოოდ, 2020 წლის 9 იანვარს, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და საინვესტიციო ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა.

ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში გადავიდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მისმა უცხოელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჟენევის არბიტრაჟში სარჩელი შეიტანეს. თუმცა, პროცესი საბოლოოდ საქართველოს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსს

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსს

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი