
ომბუდსმენმა ტროტუარზე დგომის საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა - Netgazeti
29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხალხისთვის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის გამო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის საქმეებთან დაკავშირებით.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში შესული განცხადებებისა და სხვადასხვა ღია საინფორმაციო წყაროებით დასტურდება, რომ საერთო სასამართლოები ტროტუარზე დგომის საფუძვლით დიდი ოდენობის საქმეებს განიხილავენ.
„შეკრების მონაწილეების მიერ ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ამკრძალავი ნორმა სიახლეა ეროვნული კანონმდებლობისთვის. ამგვარ საკანონმდებლო დათქმას სახალხო დამცველი გასული წლის დეკემბერში საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ შეეზღუდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის თუ მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარის ხარისხს. ახალი მოწესრიგება სახალხო დამცველმა 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც გააკრიტიკა.
გამომდინარე იქიდან, რომ ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნის გამო შეკრების მონაწილეთა სამართალდამრღვევად ცნობის საქმეებზე შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბება საერთო სასამართლოების მიერ ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებით ხდება, სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ რელევანტური უფლებრივი სტანდარტების შესახებ, რაც მას დასახელებული საკითხის სათანადოდ გადაწყვეტაში დაეხმარება.
მათ შორის, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი. ამასთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების მიდგომებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განვითარებული პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც სახალხო დამცველის მოსაზრებით მნიშვნელოვანია, საერთო სასამართლოებმა მხედველობაში მიიღონ ასეთი საქმეების განხილვისას“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge