
„ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში“ — პაატა ბურჭულაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში - Netgazeti
4 ოქტომბრის საქმეებიდან ე.წ. ორგანიზატორების საქმის განხილვა, სადაც ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, დასრულების ეტაპზეა.
დღეს, 7 მაისს, შესაძლოა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენიც გამოაცხადოს. ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს ამბობენ. მათ შორის პირველი პაატა ბურჭულაძე იყო.
პაატა ბურჭულაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში:
ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი. მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. როგორ გგონიათ, ბატონო მოსამართლევ, მე რომ მნდომებოდა, ვერ გავხდებოდი ოცნების პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას?!
ეს „ოცნების“ წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ, როდესაც ბატონი ივანიშვილი სხვადასხვა ხერხებით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. მაგრამ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის არის დამღუპველი და ის, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ.
ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“ პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენა იმის თაობაზე, თუ რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს. მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია, რასაც ერთხმად ხმა მისცა ასობით ათასმა ადამიანმა. მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე, რადგან ნოდარ მელაძემ და მისმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ეს ამბავიც გაუქარწყლა მათ.
რაც შემეხება მე, ე.წ. 7-თვიანი გამოძიების შემდეგ:
1) 7 თვეა ამ ორმა „პატიოსანმა“ პროკურორმა ქნა ის, რომ სრულიად მომწყვიტა ჩემს ოჯახს. ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან; მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ.