მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მაღალჩინოსნების მოადგილეები ფულად დანამატებსა და პრემიებს მიიღებენ - კანონპროექტი - Netgazeti
მაღალჩინოსნების მოადგილეები ფულად დანამატებსა და პრემიებს მიიღებენ - კანონპროექტი - Netgazeti

მაღალჩინოსნების მოადგილეები ფულად დანამატებსა და პრემიებს მიიღებენ - კანონპროექტი - Netgazeti

ნეტგაზეთი13 მაისი, 2026, 09:14|netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულია ახალი კანონპროექტი, რომელიც საჯარო სექტორში ანაზღაურების წესებს მნიშვნელოვნად ცვლის. როგორც მოსალოდნელია, ინიციატივა მალე კანონად იქცევა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესაბამისი კორექტივები აისახება.

პროექტის მიხედვით, როგორც ცენტრალური ისე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრების, სახელმწიფო რწმუნებულების და მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს (პრემიის) მიღების უფლება ექნებათ.

რატომ უბრუნდებათ მოადგილეებს ფინანსური წახალისების უფლება?

მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრებს, მერებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება შეზღუდული აქვთ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისთვის (მაგალითად, მინისტრებისთვის ან მერებისთვის) ეს შეზღუდვა გამართლებულია, რათა თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტი და საკუთარი შრომის თვითნებური წახალისების საფრთხე.

თუმცა, კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მოადგილეების შემთხვევაში მსგავსი რისკი არ არსებობს, რადგან მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უშუალოდ ზემდგომი თანამდებობის პირები აკონტროლებენ. ინიციატორების არგუმენტით, ვინაიდან უწყებაში სხვა თანამშრომლებზე პრემიები და დანამატები ისედაც გაიცემა, უსამართლოა, რომ მოადგილეები, რომლებზეც პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი მოდის, ამ პროცესის მიღმა რჩებიან. ცვლილების მთავარი მიზანი სწორედ მათი შრომის მატერიალური სტიმულირება და სხვა თანამშრომლებთან თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, დანამატისა და ჯილდოს გაცემა მოხდება ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით და არსებული ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

ახალი რეგულაციით განსაზღვრულია გასაცემი თანხების ზედა ზღვარი:

სახელფასო დანამატის ერთდროული მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას. წლის განმავლობაში მიღებული ჯამური დანამატი ვერ გადააჭარბებს წლიური სარგოს 20%-ს. წლიური ფულადი ჯილდოს მაქსიმალური ზღვარი სარგოს 10%-ით განისაზღვრება.

ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილება პირდაპირ გავლენას მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, რადგან ფართოვდება იმ პირთა წრე, ვინც დამატებით ფინანსურ სარგებელს მიიღებს.

იზრდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა კვოტაც

მაღალჩინოსანთა მოადგილეების წახალისების გარდა, კანონპროექტი საჯარო უწყებებში კადრების დასაქმების პროცენტულ ლიმიტებსაც ცვლის. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზედა ზღვარი არსებული 10%-დან 15%-მდე იზრდება (გამონაკლისი რჩება მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებები, სადაც შეზღუდვა კვლავ 10% იქნება).

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ცვლილება განპირობებულია 2024 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები საჯარო მოხელეთა კატეგორიიდან ამოიღეს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად განსაზღვრეს. ამან ავტომატურად გამოიწვია ასეთი ტიპის კონტრაქტით დასაქმებულთა სტატისტიკური ზრდა, რის გამოც მთავრობას მუდმივად უწევდა 10%-იანი ზღვრის გადაწევაზე საგამონაკლისო ნებართვების გაცემა. 15%-მდე ლიმიტის გაზრდა ამ საგამონაკლისო შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.

პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებისთვის (მინისტრები, მერები, სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები) პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის მკაცრი შეზღუდვა/გაუქმება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა 2017 წლის დეკემბერში მიღებული კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“.

თავის დროზე ამ შეზღუდვის დაწესებას და კანონის მიღებას რამდენიმე მთავარი საფუძველი ჰქონდა:

2018 წლამდე საჯარო სექტორში პრემიებისა და დანამატების გაცემის სისტემა პრაქტიკულად დაურეგულირებელი იყო. მაღალჩინოსნები ხშირად იღებდნენ დაუსაბუთებლად მაღალ, მრავალათასიან დანამატებს ყოველთვიურად ან დღესასწაულებზე ყოველგვარი შეფასების კრიტერიუმის გარეშე, რაც საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკას იწვევდა. პოლიტიკური თანამდებობის პირები (მაგალითად, მინისტრები ან მერები) უშუალოდ წარმართავენ უწყების საქმიანობას და განკარგავენ მის ბიუჯეტს. მათთვის პრემიის მიღების უფლების დატოვება პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდა — პრაქტიკულად გამოდიოდა, რომ მათ შეეძლოთ საკუთარი თავის თვითნებურად წახალისება, რაც კორუფციულ რისკებსაც შეიცავდა. რეფორმის მიზანი იყო, რომ საჯარო მოხელეთა და მაღალჩინოსანთა შრომის ანაზღაურება გამხდარიყო სტანდარტიზებული და პროგნოზირებადი. ახალი კანონით დაინერგა ე.წ. კოეფიციენტების სისტემა. შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირების შემოსავალი განისაზღვრა მხოლოდ ფიქსირებული თანამდებობრივი სარგოთი და აიკრძალა მისი ხელოვნურად გაზრდა დანამატებითა და ფულადი ჯილდოებით.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

200-მდე ექიმის განცხადება დიუშენის პაციენტებსა და სახელმწიფოს როლზე

200-მდე ექიმის განცხადება დიუშენის პაციენტებსა და სახელმწიფოს როლზე

ნეტგაზეთი