მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება - პაპუაშვილი - Netgazeti
ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება - პაპუაშვილი - Netgazeti

ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება - პაპუაშვილი - Netgazeti

ნეტგაზეთი14 მაისი, 2026, 08:47|netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ევროკავშირში არაფერი ესაქმებათ.

ამის შესახებ პაპუაშვილმა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტში 1 წლით საქმიანობის აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილი „იმედისთვის“ სანქციის დაწესების ერთ-ერთ ინიციატორს, ლიეტუველ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს „ფაშისტური განცხადებებით გამორჩეული“ უწოდა, თავად ევროკავშირი კი კიდევ ერთხელ შეადარა საბჭოთა კავშირს.

„ჩვენ ვიბრძვით, რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს საწყის ღირებულებებს, რადგან ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. როგორ შეიძლება რასა იუკნევიჩიანეს ღირებულებების ევროკავშირში ჩვენ რამე საერთო გვქონდეს… სანამ ევროკავშირი არ გათავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ადამიანების მიმართ ზიზღით მოქმედებენ და ცდილობენ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, მანამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა რაიმე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

13 მაისს პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმადაც, არხს ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება ევროპის პარლამენტში საქმიანობა. „იმედის“ ცნობით, გადაწყვეტილება „იმედის კვირაში“ 10 მაისს გასულ რეპორტაჟს და რასა იუკნევიჩიენესთან გასაუბრების მცდელობას მოჰყვა.

„გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ერთწლიანი შეზღუდვა წარმოადგენს განსაკუთრებით მკაცრ ზომას, რომელიც არსებითად გავლენას ახდენს მედიის შესაძლებლობაზე, გააშუქოს ევროპარლამენტის საქმიანობა“, — აცხადებს „იმედი“.

პოლონელ ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას ცნობით, ევროპარლამენტში შესვლა „რუსთავი 2“-ს და „პოსტივისაც“ აეკრძალათ.

„საქართველოში რეჟიმის პრორუსულ რუპორებს (ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტ ტვ“-ს) დღეს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ მოთხოვნა მე და ჩემი გუნდის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორმა ელენე მეტრეველმა წარვადგინეთ“, — წერს ბრეიზა X-ზე.

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული ქართული მედიებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტის ანგარიშიც, რომელსაც საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი მანამდე დაუჭირა, სანამ „იმედის კვირაში“ 10 მაისს ზემოხსენებული სიუჟეტი გავიდოდა. ანგარიში პლენარულ სესიაზე კენჭისყრის მოლოდინშია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

200-მდე ექიმის განცხადება დიუშენის პაციენტებსა და სახელმწიფოს როლზე

200-მდე ექიმის განცხადება დიუშენის პაციენტებსა და სახელმწიფოს როლზე

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი