
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
გამოცემა Just Security-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი წერენ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მიზნობრივი ზეწოლა უნდა გააძლიერონ, რათა მმართველმა პარტიამ ოპოზიციის აკრძალვა და მისი ლიდერების დაპატიმრება ვერ შეძლოს.
ავტორების შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესების საბოლოო მიზანი ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებაა.
„აშკარა მიზანია ერთპარტიული რეჟიმის შექმნა, კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების გარეშე, სადაც მხოლოდ ხელისუფლებისადმი დამორჩილებული „ოპოზიცია“ იარსებებს, რათა პლურალიზმის ილუზია შეიქმნას“, – წერენ ავტორები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო, რომელიც წარსულში აშშ-ისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო, ახლა „სრულად დიქტატურისკენ მიემართება“.
„საქართველო ახლა სრული დიქტატურის რეჟიმისკენ მიდის და ეს არავის ინტერესში არ შედის, გარდა რუსეთის, ჩინეთისა და ირანისა“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორები წერენ, რომ ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის წინააღმდეგ რიტორიკა გააძლიერა, გააფართოვა ურთიერთობები ჩინეთთან და ირანთან და კარი გაუხსნა რუსულ ბიზნესს. მათივე შეფასებით, მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკას. ავტორები ეყრდნობიან Human Rights Watch-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება „რეპრესიულ კანონებსა და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების მუქარას იყენებს, რათა სადამკვირვებლო ორგანიზაციები გაანადგუროს და დამოუკიდებელი ხმები გააჩუმოს“.
მათი შეფასებით, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა დამოუკიდებელი მედიაც.