
რა შეიცვალა მართვის მოწმობის აღების წესებში - Netgazeti
მართვის მოწმობის აღების წესებში ცვლილებები შევიდა და გამარტივდა.
ცვლილებების შესახებ ბრძანება, რომელსაც ხელს შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი აწერს, 20 მაისით არის დათარიღებული და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე დღეს, 21 მაისს გამოქვეყნდა.
რა არის ის ძირითადი ცვლილებები, რაც მართვის მოწმობის აღების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ:
თუ აქამდე B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების [მსუბუქი ავტომობილები, მოტორიზებული ტრიციკლები და კვადროციკლები] მძღოლობის კანდიდატი ვალდებული იყო, რომ თეორიულ გამოცდაზე 30 კითხვიდან მინიმუმ 27 კითხვისთვის ეპასუხა სწორად, ახლა მას მინიმუმ 25 ქულის დაგროვება მოეთხოვება. ანუ 5 შეცდომის დაშვების უფლება აქვს, ნაცვლად 3-სა. მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, მსუბუქი ავტომობილების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება. ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავდა. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს. მოძრაობის დაწყებამდე და მომართვისას სავალდებულო ჩვევების გამოვლენისას, კანდიდატებს მიეცემათ მსუბუქი შეცდომების გამოსწორების შანსი და გამომცდელის მიერ გონივრული დრო შესაბამისი უნარ-ჩვევის განმეორებით გამოვლენისთვის, შესაბამისი მითითებით (მაგ.: „გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“). ამასთან, გამომცდელი უფლებამოსილია გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება. 22 მაისიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ. შეიცვალა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გორსა და ბათუმში გასავლელი მარშრუტებიც.