
პრორუსულმა NGO-ებმა "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" დააფუძნეს - Netgazeti
პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოში “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო” შეიქმნა.
როგორც რუსეთის მთავრობის საინფორმაციო საშუალება “სპუტნიკის” ვებგვერდზეა აღნიშნული, ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის მთავარი მიზანია “საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი”.
ორგანიზატორების თქმით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას ფაქტებზე, რომლებიც მათი შეფასებით რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა: “რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული”.
“მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს. მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება [ინტერნეტში]. ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და მოვლენებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და აქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – იუწყება “სპუტნიკი”.
გულბაათ რცხილაძე, ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი და ლიდერი აცხადებს, რომ იმუშავებენ არა მხოლოდ საჯარო განცხადებების მონიტორინგზე, არამედ გადახედავენ საკანონმდებლო ბადესაც და საჭიროების შემთხვევაში დააყენებენ მისი შეცვლის წინადადებებსაც, თუ დაინახავენ, რომ საკანონმდებლო აქტი თავისი შინაარსით რუსოფობიურია.
გულბაათ რცხილაძის თანახმად, ეს ინიციატივა მის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, “ევრაზიის ინსტიტუტსა” და რამდენიმე მეგობარ ჯგუფს ეკუთვნის.