
პუტინის გზავნილები და სომხეთისადმი მუქარა - Netgazeti
ასტანაში ევრაზიული კავშირის ლიდერთა სხდომის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა სომხეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის მცდელობები და ე.წ. „ორ სკამზე ჯდომის“ პოლიტიკა და განაცხადა, რომ ასეთ არჩევანს მოჰყვება ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (ЕАЭС) პრაქტიკული დაშორება და მძიმე ეკონომიკური შედეგები. მისი თქმით, თუ ერევანი ევროკავშირის სტანდარტებზე გადავა, ეს გამოიწვევს რუსეთ-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან შეზღუდვას.
„რუს და სომეხ ხალხებს მეგობრობა აკავშირებთ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. საუკუნეების განმავლობაში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების კავშირები. ყველაფერი, რაც სომხებისთვის კარგია, რუსეთისთვისაც მისაღები და კარგია.“
ასევე, პუტინმა თქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის ორ ქვეყანას შორის კავშირებს:„როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა იყოს, ეს ჩვენს ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კავშირებს არ გააფუჭებს.“
თუმცა პუტინის ტონი გაცილებით მკაცრი გახდა სომხეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის თემაზე საუბრისას. მისი განცხადებით, თუ სომხეთი ევროკავშირის მიმართულებას აირჩევს, ეს პრაქტიკულად გამოიწვევს ЕАЭС-თან თანამშრომლობის შეწყვეტას: „იძულებული ვიქნებით, ფაქტობრივად, სომხეთთან ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაციული მუშაობა შევაჩეროთ.“
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში შეიცვლება სატრანსპორტო და საბაჟო რეჟიმები და გაიზრდება ტარიფები: „დაგვჭირდება ნებართვების რეჟიმის დაბრუნება… და სარკინიგზო ტარიფების გაზრდა.“
მისი თქმით, სომხეთის მცდელობა, ერთდროულად ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში დარჩეს არარეალისტურია: „ჰკითხეთ მათ, ვინც ამას ცდილობს.“
პუტინმა ერევანს მოუწოდა, საბოლოო არჩევანი გააკეთოს და შესაძლო გადაწყვეტილებისთვის რეფერენდუმის ჩატარებაც დააჩქაროს: „ჩვენ ვთხოვდით… ჩაატარონ რეფერენდუმი… რაც შეიძლება მალე.“
ასევე, ეკონომიკურ შედეგებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაახლოება სომხეთისთვის მძიმე დანაკარგებს გამოიწვევს: „ეს გამოიწვევს მინიმუმ 14%-იანი მშპ-ის დაკარგვას.“
მისივე თქმით, გაუქმდება არსებული შეღავათები ენერგომატარებლებზე და გაძვირდება გადასახადები:„დღეს არსებული პრეფერენციები აღარ იქნება.“
პუტინმა ასევე გააფრთხილა სომხეთი, რომ შეიცვლება ვაჭრობისა და რეგულაციების სისტემა, რაც გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობის ექსპორტზე, ტურიზმსა და მომსახურების სექტორზე. მისი თქმით, სომეხი მუშახელი რუსეთში იმავე პირობებით მოხვდება, როგორც სხვა მიგრანტები: „ეს იქნება სრულიად სხვა რეალობა.“
ინვესტიციების თემაზე პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთში დაგროვილი ინვესტიციების უმრავლესობა რუსულია – $4.9 მილიარდიდან 86%: „86% რუსული წარმოშობისაა.“
მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ დაპირებული ინვესტიციები კი მოცულობითაც ჩამორჩება: „€2.5 მილიარდი მაინც ნაკლებია, ვიდრე არსებული 4.9 მილიარდი.“
პუტინის შეფასებით, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სისტემურ ცვლილებებს გამოიწვევს, რაც რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობებს „ახალ რეალობაში“ გადაიყვანს.
ულტიმატუმი სომხეთს – რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ЕАЭС-ში დარჩენაზე
სომხეთის ЕАЭС-იდან დისტანცირების ფონზე და იმ ვითარებაში, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო ასტანაში გამართულ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სხდომას, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრი ქვეყნების ლიდერებმა [ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის პრეზიდენტები] სომხეთთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge