
EU არალეგალების დაჩქარებულ დეპორტაციასა და „დაბრუნების ჰაბებზე“ შეთანხმდა - Netgazeti
ევროკავშირის საბჭომ, კვიპროსის თავმჯდომარეობით, და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას მიგრაციის შემზღუდავ რეფორმაზე, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში „დაბრუნების ჰაბების“ გახსნას და არალეგალ მიგრანტთა იქ გაგზავნას.
ახალი კანონი დააჩქარებს დეპორტაციის პროცედურებს. ახალი რეგულაცია არალეგალ მიგრანტებს ავალდებულებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დატოვებასა და ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება დაექვემდებარონ შეღავათებისა და დახმარებების შემცირებას, ან უარი ეთქვათ ნებაყოფლობითი დაბრუნების წამახალისებელ ზომებზე. იქ, სადაც ეროვნული კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, წევრმა ქვეყნებმა შეიძლება გამოიყენონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის პატიმრობა.
შეთანხმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, შექმნან არალეგალთა „დაბრუნების ჰაბები“ მესამე ქვეყნებში. ასეთი ჰაბები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილი, ისევე როგორც სატრანზიტო ცენტრები წარმოშობის ქვეყანაში ან სხვა მესამე ქვეყანაში გადამისამართების ხელშესაწყობად. ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების, ძირითადად კი, მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფების კრიტიკის საფუძველი გახდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რეფორმა, შეერთებული შტატების მსგავსად, მასობრივ დაკავებებსა და რეიდებს გამოიწვევს. თუმცა ბრიუსელი ირწმუნება, რომ „დაბრუნების ჰაბები“ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით იფუნქციონირებს.
„დაბრუნების ქვეყანა“ შეიძლება იყოს მესამე ქვეყანა, რომელთანაც გაფორმებულია შეთანხმება. ევროკავშირი აცხადებს, რომ ნებისმიერი ასეთი გარიგება შესაძლებელია ისეთ ქვეყანასთან, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის, გაძევების დაუშვებლობის პრინციპს.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის წევრთა ჯგუფი ემზადება, მოლაპარაკებები გამართოს ბლოკის გარეთ მდებარე 10-მდე ქვეყანასთან, რათა შეიქმნას საკამათო ცენტრები მიგრანტებისთვის. ერთ-ერთმა დიპლომატმა პოტენციურ პარტნიორებად ყაზახეთი და უზბეკეთი ახსენა.
თანმხლები პირის გარეშე მყოფი არასრულწლოვნები ასეთი შეთანხმებებიდან გამორიცხულნი არიან.
ახალი რეგულაცია დანერგავს დაბრუნების ევროპულ ორდერს (ERO), რომელშიც წევრმა ქვეყნებმა უნდა შეიტანონ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების ძირითადი ელემენტები, შესაბამისად, ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებაზე სხვა ქვეყნებსაც ექნებათ წვდომა. თუმცა დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარება ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი რჩება და გადაიხედება რეგულაციის ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ.
ახალი რეგულაცია ითვალისწინებს სპეციალურ ზომებს იმ პირებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას. მაგალითად, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გასცენ შესვლის აკრძალვა, რომელიც აღემატება ჩვეულებრივ მაქსიმალურ 10-წლიან პერიოდს, ან უვადო აკრძალვა. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ დაკავება.
„ახალი რეგულაცია დააჩქარებს დაბრუნების პროცესს და გაზრდის იმ პირთა დეპორტაციას, რომლებსაც არ გააჩნიათ ევროკავშირში ყოფნის კანონიერი უფლება. მიგრაცია კვიპროსის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტია და დღევანდელი ისტორიული შეთანხმება აძლიერებს ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ნდობას, ავსებს მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტს და სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებს“, — განაცხადა კვიპროსის მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლას იოანიდესმა.
წინასწარი შეთანხმება ახლა უნდა დაამტკიცოს საბჭომ და პარლამენტმა. რეგულაციის იმპლემენტაცია დაიწყება ძალაში შესვლისთანავე, „ოფიციალურ ჟურნალში“ გამოქვეყნების მომდევნო დღეს. თუმცა მთელი რიგი დებულებები ამოქმედდება ერთი წლის შემდეგ.
ევროკომისიამ ევროკავშირში უკანონოდ მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაბრუნების საერთო წესების შესახებ რეგულაცია 2025 წლის მარტში წარადგინა. მისი მიზანია მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის შევსება, რომლის იმპლემენტაციაც 2026 წლის 12 ივნისიდან დაიწყება. ბოლო მონაცემებით, Frontex-ის მიერ მხარდაჭერილი დაბრუნების შემთხვევების 64% ნებაყოფლობითი იყო.
ცნობისთვის, საქართველო მეორე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით.
ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს მესამე ქვეყნის 491 950 მოქალაქეზე გაიცა ბრძანება ევროკავშირის ქვეყნის დატოვების შესახებ, რაც 5,8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ევროკავშირიდან გაძევებული მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. მათ შორის ყველაზე მეტი იყვნენ თურქეთიდან (13 405), საქართველოდან (10 475), სირიიდან (8 370) და ალბანეთიდან (8 020).
საქართველო II ადგილზეა EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge