
EU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა - Netgazeti
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და კრიპტოპლატფორმებს საქართველოდან.
ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და კრიპტო სექტორს ეხება და ასევე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინდივიდუალური სანქციების (listings) ყველაზე დიდ ჯგუფს — ჯამში 218 სუბიექტს, მათგან 48 ფიზიკურ პირსა და 170 იურიდიულ პირს.
ახალი პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი სანქციებს უწესებს 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ისევე როგორც კომპანიას, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.
„გარდა ამისა, პაკეტი ქმნის შესაძლებლობას აიკრძალოს ტრანზაქციები სიაში შეყვანილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებიც ამუშავებენ ან ასუფთავებენ რუსულ ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამ ჩარჩოში, ევროკავშირი აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას — რომელიც ძალაში შევა ექვს თვეში — ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ვაჭრობს და ამუშავებს რუსულ ნავთობს ყულევში. გარდა ამისა, ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვას დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაამატა ნავთობით მოვაჭრე ხუთი პირი, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის აკრძალვის ხელის შეშლისთვის“, — ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სანქციების ფარგლებში, ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და ფონდებზე წვდომა აუკრძალა 94 ბანკსა და მსხვილი ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე რუსეთის საბანკო ისტებლიშმენტის გავლენიან ფიგურებს. ტრანზაქციების აკრძალვას გავრცელდა კიდევ 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ დაწესებულებაზე. გარდა ამისა, სანქციების გვერდის ავლის გამო, ტრანზაქციების აკრძალვა უწესდება ყირგიზულ ბანკს, რომელიც დაკავშირებულია SPFS-ის (ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა) აკრძალვასთან და სამ სხვა არარუსულ ბანკს.
„ევროკავშირი ტრანზაქციების აკრძალვას ავრცელებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, რომლებიც ბაზირებულია საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში“, — ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პირველად, ევროკავშირი შემოაქვს მესამე ქვეყნებისთვის კრიპტო-აქტივების მომსახურების სრული აკრძალვის შესაძლებლობა, როგორც შემაკავებელ მექანიზმი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მასპინძლობენ პლატფორმებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით. ეს ახალი ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს ევროკავშირს, აკრძალოს ნებისმიერი ტრანზაქცია ევროკავშირის ოპერატორსა და რუსეთის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ კრიპტო-პროვაიდერს შორის.
ენერგეტიკასთან დაკავშირებით, დღევანდელი პაკეტი აჩერებს ნავთობის ფასის ზედა ზღვარის მექანიზმის ავტომატურ კორექტირებას 2027 წლის 15 ივლისამდე. სანქცირებულთა სიას (632 ხომალდი) დაემატა ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 41 ხომალდი. ეს ზომები მიმართულია არა ევროკავშირის ტანკერებისკენ, რომლებიც არიან ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი და გვერდს უვლიან ნავთობის ფასის ზედა ზღვრის მექანიზმს, სხვა გზებით უჭერენ მხარს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადაზიდავენ სამხედრო აღჭურვილობას რუსეთისთვის ან მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს. ევროკავშირი ასანქცირებს 8 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირს, რომლებიც აქტიურები არიან ჩრდილოვანი ფლოტის ეკოსისტემაში, მათ შორის კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიების სახელით და, პირველად, გემების ეკიპაჟების დაკომპლექტების სააგენტოს, რომელიც მხარს უჭერს ჩრდილოვან ფლოტს.
დღევანდელი პაკეტი ასევე აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს 56 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. მათგან 37 უშუალოდ უკავშირდება შორი მოქმედების დრონებს, მათ წარმოებასა და მომარაგების ჯაჭვს. საბჭომ ასევე დაამატა 51 ახალი სუბიექტი იმ პირთა სიაში, რომლებზეც ვრცელდება ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის გამო.
პაკეტი ქმნის საფუძველს ვიზების სრული აკრძალვისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სხვა მარიონეტული ჯგუფების მებრძოლებისა და ყოფილი მებრძოლებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.
ევროკავშირი შეთანხმდა გააფართოოს არსებული საექსპორტო აკრძალვა იმ ნივთებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც რუსეთის სამხედრო მრეწველობა იყენებს (ნიკელის ფხვნილები, სპეციალური შენადნობები რეაქტიული ძრავებისთვის, კომპონენტები უპილოტო საფრენი აპარატებისთვის და სხვა).
გარდა ამისა, ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შეზღუდვები იმ საქონლის იმპორტზე, რომელსაც რუსეთისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს (60 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების), როგორიცაა სპილენძის, ნიკელის, ტყვიის და ძვირფასი ლითონების მადნები, თუთია, ავტომობილების ნაწილები და სხვა.
დღევანდელი პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს ბელარუსის მიმართ, რომლებიც იმეორებს რუსეთისთვის დაწესებულ ზომებს, კერძოდ სავაჭრო ზომებს და სამართლებრივ დაცვას.
სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ევროკავშირი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირებას სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებშიც განიხილავდა, თუმცა დამტკიცებამდე სიიდან ამოიღეს.
მარტში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილი წერილი გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყულევის პორტის სანქციების პაკეტიდან ამოღება გადაწყდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ პოზიცია მას შემდეგ გადაიხედა, რაც საქართველოს მთავრობამ და პორტის ოპერატორმა „პოზიტიური ვალდებულებები“ აიღეს.
ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნის მფლობელმა „ბლექ სი პეტროლიუმმა“ ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ გეგმავს, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.
„მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებს სრულიად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს გზას გაუხსნის „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას მაღალმარჟიანი ბაზრებისკენ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია „სოკარს“ ეკუთვნის, ხოლო ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც ახლაც მშენებლობის ეტაპზეა — „ბლექ სი პეტროლიუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი, დიზაინერ მაკა ასათიანის კომპანიაა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილის 70.66%-ს ფლობს შპს „მკ კაპიტალი“, ხოლო 29.34%-ს შპს „დუნამის“.
თავის მხრივ, შპს „მკ კაპიტალის“ 70%-ის წილის მფლობელია მაკა ასათიანი, ხოლო 30%-ს ფლობს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“.
რაც შეეხება შპს „დუნამის“, კომპანიის 100%-იან წილს დავით ფოცხვერია ფლობს, რომელიც ამავდროულად არის „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge