
ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობა საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა - MFRR - Netgazeti
„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმი“ ეხმაურება „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავს.
როგორც MFRR აცხადებს, ერთი წლის წინ ჟურნალისტ მზიას ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა საქმეზე, რომელიც საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა.
„გაუმართლებელ წინასწარ პატიმრობაში შვიდ თვეზე მეტი ხნის გატარების შემდეგ, მზიას განაჩენი გამოუტანეს პროცესის საფუძველზე, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა.
უკვე ერთი წელია, მზია გისოსებს მიღმა რჩება. უკვე ერთი წელია, მისი ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და ჟურნალისტური საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
მედიის თავისუფლების ორგანიზაციებმა მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის „მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმმა“ (MFRR), დოკუმენტურად აღბეჭდეს დარღვევები მის საქმეში, უზრუნველყვეს სასამართლო პროცესების მონიტორინგი, აწარმოეს საერთაშორისო ადვოკატირება და არაერთხელ მოითხოვეს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება.
მზია არასდროს უნდა დაეპატიმრებინათ თავისი მოვალეობის შესრულებისა და საკუთარი უფლებების განხორციელების გამო.
მისი საქმე ასახავს საქართველოში დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე განხორციელებულ უფრო ფართო შეტევას, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნა სულ უფრო ხშირად გამოიყენება კრიტიკული ხმების დაშინებისა და საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი რეპორტაჟების ჩასახშობად.
დღეს ამ უსამართლობიდან ზუსტად ერთი წელი სრულდება.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, მის კოლეგებს „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ და საქართველოში მოქმედ თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების მსახურების გამო დაშინებას აწყდება“, – ნათქვამია MFRR-ს განცხადებაში.
მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან 1 წელი გავიდა – როგორ ეხმაურებიან საელჩოები
დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის ფონზე.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში გადასცეს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია.
„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge