
რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
რუსეთში ბავშვთა პალიატიური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის, „Дом с маяком“-ის დამფუძნებელს ლიდა მონიავას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ე.წ. „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებას ედავებიან.
საქმის საფუძველი მონიავას 2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე გამოქვეყნებული პოსტი გახდა. მასში ის წერდა, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ემსხვერპლებიან. გამოძიება ამ ინფორმაციას რუსეთის არმიის შესახებ „შეგნებულად ყალბი ცნობების“ გავრცელებად მიიჩნევს. მონიავა ბრალს არ აღიარებს.
2 სექტემბერს მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც მონიავა დაკითხვაზე გადაიყვანეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. მოგვიანებით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა - მას გარკვეული მოქმედებები აუკრძალეს, მათ შორის ღამით სახლიდან გასვლა და სოციალური ქსელებით სარგებლობა.
თავად მონიავას მონაყოლით, დაკავებისას მას დამამცირებელი შემოწმებაც ჩაუტარეს - ФСИН-ის თანამშრომლების წინაშე გააშიშვლეს და ბუქნების გაკეთება აიძულეს. ამის შესახებ მან გათავისუფლების შემდეგ თავად დაწერა.
მონიავამ ასევე განაცხადა, რომ „Дом с маяком“-ის დირექტორის თანამდებობას ტოვებს, რათა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმემ ჰოსპისის მუშაობას საფრთხე არ შეუქმნას. ორგანიზაცია მძიმე და განუკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს პალიატიურ დახმარებას უწევს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge