
აზერბაიჯანმა აშშ-ში CNN-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - Netgazeti
აზერბაიჯანმა აშშ-ში CNN-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი 17 აგვისტოს დელავერის შტატის ფედერალურ სასამართლოში წარადგინეს, სადაც CNN ოფიციალურად არის რეგისტრირებული
დავის მიზეზი CNN-ის მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებული სტატია გახდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ირანთან ისრაელის ომის დროს ისრაელი აზერბაიჯანის ტერიტორიას სამხედრო და სადაზვერვო მიზნებისთვის იყენებდა.
CNN ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელის სპეცრაზმის წევრები, სადაზვერვო თანამშრომლები და სხვა სამხედრო ძალები აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში, ირანის საზღვართან ახლოს მოქმედებდნენ. სტატიის თანახმად, ამ ტერიტორიებს იყენებდნენ ირანის თვალთვალის, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და დრონების ოპერაციებისთვის.
მასალაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ისრაელმა ომამდე ამ ტერიტორიებზე მოსასმენი მოწყობილობები და სხვა სადაზვერვო აღჭურვილობა განათავსა.
აზერბაიჯანის მხარე ამ ინფორმაციას უარყოფდა. ქვეყნის საელჩომ აშშ-ში CNN-ს სტატიის გამოქვეყნებამდე განუცხადა, რომ აზერბაიჯანი არ დაუშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ან სადაზვერვო ოპერაციებისთვის.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ CNN-ს პროტესტი გამოუცხადა და ინფორმაციას უსაფუძვლო და დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა უწოდა. სამინისტრომ CNN-ს მასალის უარყოფა და შესწორება მოსთხოვა.
აზერბაიჯანულმა მხარემ მოთხოვნით CNN-ს 6 ივნისს, 23 ივნისსა და 2 ივლისს წერილობითაც მიმართა.
გამოცემამ განაცხადა, რომ საკითხს შეისწავლიდა, თუმცა მასალაში ცვლილებები არ შეუტანია. ამის შემდეგ საკითხი სასამართლოში გადავიდა.
CNN-ის სტატიაში ასევე საუბარი იყო ისრაელის უფრო ფართო საქმიანობაზე აზერბაიჯანში, აზერბაიჯანისა და ისრაელის ურთიერთობებზე და ნახიჩევანში მომხდარ მოვლენებზე. გამოცემა, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ოპერაცია აზერბაიჯანის ტერიტორიიდან განხორციელდა.
სტატიის ერთ-ერთი ავტორია ტიმ ლისტერი, რომლის წინა მასალებიც, აზერბაიჯანის მხარის შეფასებით, მიკერძოებული იყო.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge