
„გადამაგდეს”, მოულოდნელად მაცნობეს, რომ 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში - ღარიბაშვილი - Netgazeti
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც დაპატიმრებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ღარიბაშვილის თქმით, მას დაჰპირდნენ, რომ თუ ბრალს აღიარებდა, საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ, მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დააკისრებდნენ, მაგრამ ციხეში არ ჩასვამდნენ. თუმცა ღარიბაშვილის ამბობს, რომ ის „გადააგდეს“.
ღარიბაშვილის თქმით, დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი მისი პოლიტიკურად განეიტრალება იყო.
„საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს საკითხი და ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში. ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია, საბოლოოდ კი – ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება.
მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი – „სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო“ – და მოაყოლეს დაპირება: „არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა“. ისევ „გადამაგდეს”. 4 იანვარს მოულოდნელად მაცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში. უკვე აღიარებული მქონდა ბრალი, გირაოს სანაცვლოდ ვიყავი თავისუფლებაზე და ველოდებოდი დაპირებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
როგორც უკვე ავუხსენი საზოგადოებას ჩემს წერილებში, ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა. ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
თუმცა ღარიბაშვილი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მას ხელისუფლებასთან შუამავლის მეშვეობით კომუნიკაცია ჰქონდა და უთხრეს, რომ მისი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე ის.
„თებერვალში, როდესაც შუამავლის მეშვეობით შედგა კომუნიკაცია, გაზეთის გარდა, ხელისუფლების ძირითადი გზავნილი შემდეგი შინაარსის იყო: ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე… მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო – ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით.
ამის შემდეგ, ივლისამდე, აღარ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია და, როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, სრულიად მოულოდნელად გამომიგზავნეს წერილი და ახალი პირობები, ხოლო სიტყვიერად, შუამავლის მეშვეობით, გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია. ხალხისა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით.
ხალხისთვის გაუგებარი და აუხსნელი იყო ჩემი ციხეში 5 წლით დატოვება, ვინაიდან მე აღიარებული მქონდა ბრალი, ზიანი ანაზღაურებული მქონდა, დაზარალებული არავინ მყავდა და ჯარიმაც გადახდილი მქონდა. ამიტომ ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა.
ამას დაემატა უაზრო ეჭვები და შიშები, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში არ დავბრუნებულიყავი. ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, მისი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან.
მისი თქმით, ის დღეს ციხეში ზის „აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო“, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა მისი და ოჯახის მიმართ.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს ჩემს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი. ასევე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური და ყალბი განცხადებები, რაზეც მინდა შემდეგნაირად ვუპასუხო: როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებს.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანები და ოჯახები გაამწარა და ხალხში უიმედობის განცდა გააჩინა.
„ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი. თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…
ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.
18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge