
სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ - პაპუაშვილი - Netgazeti
შალვა პაპუაშვილი ადენაუერის ფონდის დახურვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ.
„განცხადებაში ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მისია და ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა. ცოტა გასაკვირია. როგორც იცით, პოლიტიკური ფონდები გახლავთ პარტიებთან აფილირებული ფონდები. ადენაუერის ფონდი გახლავთ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან აფილირებული ფონდი. შეგახსენებთ, რომ ქრისტიან -დემოკრატიული კავშირი არის epp-ს წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტია არის და აცხადებს ეს ფონდი, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდათ საქართველოში.
უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ, მე მგონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, იმისათვის, რომ საგრანტო პროექტებზე თანხმობა მიეღოთ, ადენაუერის ფონდმა მთავრობისგან წინაპირობად მიიღო წინადადება, რომ „მოეცილებინათ პოლიტიკური ხასიათის პროექტები და თუ სხვა რაიმე აკადემიური ან სხვა ხასიათის პროექტების განხორციელება სურდათ, ამის თანხმობას მიიღებდნენ“.
„მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არანაირი ინტერესი აკადემიური ან სხვა მიმართულებების მიმართ, საგანმანათლებლო მიმართულებებით, არ აქვთ. როგორც გამოჩნდა მათივე განცხადებით, ინტერესი ჰქონიათ პოლიტიკური მისიის განხორციელებაში და ამ პოლიტიკურ მისიას რომ ვერ ვახორციელებთ, ამიტომ გავდივართო. მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თავად შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანულ ფონდს აკრიტიკებს, 17 წლის განმავლობაში თავად მუშაობდა გერმანულ ფონდებში. 2003 – 2007 წლებში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი იყო, შემდეგ კი, 2007-2020 წლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ). მუშაობის ბოლო წლებში ორგანიზაციაში იკავებდა საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც.
კონრად ადენაუერის ფონდმა [KAS] თბილისში თავისი წარმომადგენლობა 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ფონდი აცხადებს, რომ დახურვა ნებაყოფლობითი არ ყოფილა.
ფონდის განცხადებით, დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც მათ აღარ შეუძლიათ ადგილზე შეასრულონ თავისი, როგორც პოლიტიკური ფონდის, ძირითადი მისია.
გარდა კონრად ადენაუერის ფონდისა, 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფისიც დაიხურა.
ადენაუერის ფონდის ოფისი დაიხურა “ოცნების” კანონების გამო
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge