
ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის 88 წევრის მიერ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარუდგინა.
საუბარია 2026 წლის 24 სექტემბერს წარდგენილ სარჩელზე, რომლითაც “ქართული ოცნება” შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითხოვს:
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ „კოალიცია ცვლილებებისთვის -გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ფედერალისტური პარტია“ „გახარია საქართველოსთვის“
როგორც ომბუდსმენის მიერ 16 ნოემბერს ხელმოწერილ დოკუმენტშია აღნიშნული, მსგავსი შინაარსის სარჩელის განხილვა სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის. სწორედ ამიტომ, სათანადო სამართლებრივი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, ომბუდსმენმა სასამართლოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა მიაწოდა.
მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, პოლიტიკური პარტიები აუცილებელია დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ხოლო მთელი პარტიის დაშლა ან აკრძალვა უკიდურეს ზომას წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს. დოკუმენტის თანახმად, პარტიას უფლება აქვს, მხარი დაუჭიროს კანონმდებლობის ან კონსტიტუციური წყობილების შეცვლასაც კი, მათ შორის, წამოჭრას ხელისუფლებისთვის შემაშფოთებელი ან შემაწუხებელი საკითხები, თუკი ამისთვის გამოყენებული საშუალებები კანონიერი და დემოკრატიულია, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებები ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება. პარტია კონვენციით დაცული სფეროდან მხოლოდ მაშინ გადის, როდესაც მისი ლიდერები ძალადობას აქეზებენ ან დემოკრატიის მოსპობისკენ მიმართულ პოლიტიკას ატარებენ.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ პარტიის აკრძალვის მართლზომიერების დასადგენად სასამართლომ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება“, რაც შემდეგი გარემოებებით მოწმდება: საფრთხის მყისიერება, პარტიისთვის მიკუთვნება, ერთიანი სურათი და კონტექსტი.
ანუ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ არა სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთხე საკმარისად მყისიერია; მიეწერება თუ არა ლიდერთა სადავო ქმედებები და განცხადებები თავად პოლიტიკურ პარტიას; ქმნის თუ არა პარტიის ქმედებები და განცხადებები ერთიან სურათს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს დემოკრატიასთან შეუთავსებელ საზოგადოების მოდელს, ქვეყნის ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.
ამასთან, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ორ ნაწილად არის გაანალიზებული. ერთი მხრივ, მოყვანილია საქმეები (მათ შორის თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვის წინააღმდეგ), რომელშიც ევროპულმა სასამართლომ პარტიების აკრძალვა ან რეგისტრაციაზე უარი კონვენციის დარღვევად ცნო, რადგან ძალადობისკენ მოწოდებები არ იკვეთებოდა, ხოლო დროებით აკრძალვასაც კი „მსუსხავი ეფექტი“ ახლდა თან. მეორე მხრივ, განხილულია პრეცედენტები (მათ შორის თურქული Refah Partisi-ს, ესპანური Herri Batasuna-სა და გერმანიის კომუნისტური პარტიის საქმეები), რომლებშიც აკრძალვა გამართლებულად ჩაითვალა შარიათის რეჟიმის დამყარების რეალური საფრთხის, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ან პროლეტარიატის დიქტატურის დამკვიდრების მიზნების გამო.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge